რესპუბლიკური პარტიის კონფერენცია

უსუფაშვილი: ჩვენი მომავალი თვისობრივად ახალ კოალიციებში წარმოგვიდგენია

Jamestown.org

"მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია ასევე კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში. ისეთ კოალიციებში, როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში, ანუ იქ სადაც კოალიციური შეთანხმებაა განმსაზღვრელი" - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის კონფერენციის შეჯამების დროს განაცხადა. 

უსუფაშვილის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მონაწილე საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და წარმატება თუ წარუმატებლობა არჩევნებში აღარ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე სხვა ფაქტორებზე.

" არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მმართველობა და დასრულდეს დემოკრატი ლიდერების თუ ნაკლებად დემოკრატი ლიდერების მმართველობა. შევთანხმდით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მონაწილე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალაქე და მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი და აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არჩევნებში წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებული იყოს ძლიერ ლიდერებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ფულზე, გარე ფაქტორებზე, სხვა ქვეყნებზე და ა.შ." - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დარჩენილ 2 წელიწადში კოალიციამ უნდა დაასრულოს იმ საკითხების მოგვარება, რომელთა მოგვარებაც მოსახლეობას დაპირდნენ. 

"რესპუბლიკური პარტია პირდება თავის პარტნიორებს, რომ იქნება უფრო ენერგიული, უფრო მეტად მშრომელი, უფრო მეტად პრინციპული და ამასვე ელის ყველა პარტნიორისგან. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები კოალიციის ფარგლებში, მაგრამ ამასბაში ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და ვიყურებით მომავლისკენ" - განმარტა უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონფერენციაზე პარტიის დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რაც საქართველოში თავისუფლებისა და ლიბერალური იდეების გავრცელებას გულისხმობს.

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქვს ძალიან მნიშნველოვანი პოლიტიკური ამოცანა - ლიბერალური იდეების უფრო მეტად გავრცელება საქართველოში, თავისუფლების იდეის გავრცელება, რადგან ბოლომდე თავისუფალი საქართველო უნდა იყოს თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული. ის ძლიერი მოქალაქე ვერ იქნება თუ არ იქნება თავისუფალი, თუ ის არ არის განათლებული და თუ ის არ არის დაცული ჯანმრთლეობის და სხვა სოციალურ საკითხებში" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები