ლარის გაუფასურება

გოცირიძე: ლარის ვარდნაზე პასუხისმგებელი მთელი მთავრობაა

რომან გოცირიძე
facebook.com/RomanGotsiridze

ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომელსაც ნეგატიური პროცესები მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ექსპერტმა რომან გოცირიძემ იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

მისი თქმით, ლარის ვარდნა არა მხოლოდ მოსახლეობაზე, არამედ ბიზნესზე და საბანკო სექტორზეც აისახება, რადგან ქართულ ეკონომიკაში დოლარიზაცია უზარმაზარია: "70 პროცენტი ანაბრების არის უცხოურ ვალუტაში, ფიზიკური პირების ანაბრები კიდევ უფრო მეტი-80% და სესხების 70% გაცემულია დოლარში. ამიტომ, ბიზნესსაც ძალიან გაუჭირდება".

გოცირიძის თქმით, ლარის დევალვაციის საგარეო ზემოქმედების ახსნა „არასწორი თეზისია". ექსპერტმა აღნიშნა, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს ეს პროცესი ბანკებს აწყობთ და ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მათ ემუქრებათ, რადგან მათი მოზიდული რესურსი დოლარშია და დოლარში უნდა გაისტუმრონ თავიანთი ვალები მეანაბრების წინაშე. გოცირიძის განცხადებით, თუ გადახდისუუნარო გახდება მოსახლეობა და ბიზნესსაც არ ექნება შემოსავალი, დაფარონ ვალები, ბანკებიც რისკის ქვეშ დგებიან.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლარის ასეთი ვარდნა მოსალოდნელი იყო. "შარშანდელი სიგნალი ვერ მიიღო მთავრობამ და არ გაითვალისწინა. როდესაც ვამბობთ, ვინ არის პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა არ არის პასუხისმგებელი არც ფინანსთა მინისტრი, არც ეროვნული ბანკი და არც ეკონომიკური ბლოკი. პასუხისმგებელია მთელი მთავრობა", - განაცხადა რონამ გოცირიძემ.

კომენტარები