ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებსა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა. მისი განმარტებით, ყირიმი ისტორიულადაა რუსეთზე დამოკიდებული. პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.
„სწორედ ყირიმის ტერიტორიაა ის ადგილი, სადაც ჩამოყალიბდა მრავალსახოვანი, თუმცა მონოლითური რუსი ერი და რუსული სახელმწიფო. ქრისტიანობა იყო მთავარი გამაერთიანებელი ძალა, რომელმაც სხვადასხვა სისხლის მქონე ხალხებს გაერთიანების საშუალება მისცა. სწორედ ამ სულიერ ნიადაგზე ჩვენმა წინაპრებმა გააცნობიერეს, რომ ისინი ერთი ხალხია და ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რუსეთისთვის ყირიმს საკრალური მნიშვნელობა აქედან მოყოლებული აქვს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ყირიმის მიმართ სამუდამოდ“, - განაცხადა პუტინმა და საუბარი დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების შეფასებით გააგრძელა. მან აღიარა, რომ სანქციებმა რუსულ ეკონომიკას უარყოფითი შედეგები მოუტანა. მისი შეფასებით, დასავლური სანქციები შეკავების პოლიტიკის ნაწილია და უკრაინაში სამთავრობო გადატრიალებაშიც სწორედ დასავლეთის ხელი ურევია. პრეზიდენტმა მოსახლეობაც გააფრთხილა, რომ რუბლის კურსის მკვეთრი ცვლილების გამო გარკვეული სირთულეების გადატანა მოუხდებათ.
"სანქციები ცუდია, თუმცა ცუდია სანქციების ინიციატორებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, დასავლეთი რაიმე სხვა საფუძველს მოიფიქრებდა რუსეთის მზარდი შესაძლებლობების შესაჩერებლად, რუსეთზე გავლენის მოსახდენად და რუსეთის საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი შეიარაღებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერთვება შეიარაღების მარათონში. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვისუნარიანობა ნებისმიერ პირობებში იქნება დაცული.
"რუსეთზე სამხედრო უპირატესობის მიღწევას ვერავინ შეძლებს. ჩვენი არმია თანამედროვე, ბრძოლისუნარიანია. როგორც ახლა ამბობენ, თავაზიანი, მაგრამ თავზარდამცემია. ჩვენი თავისუფლების დასაცავად ჩვენ გვეყოფა ძალაც, ნებაც და სიმამაცეც", - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში დრო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებასაც დაუთმო. მან ფედერალურ კრებას შესთავაზა, კიდევ 4 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩეს რუსეთში არსებული საგადასახადო სისტემა. პუტინი ასევე რუსეთში დაბრუნების პირობით ოფშორული კაპიტალის სრული ამნისტირების წინადადებით გამოვიდა.





