პრეზიდენტის ვეტო

ქუცნაშვილი პრეზიდენტის ვეტოს უფლების შეზღუდვაზე: მე მივეცი ბიძგი დისკუსიას

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, არ არის გამართლებული, მიზანშეწონილობის მოტივით პრეზიდენტმა პარლამენტს უკარნახოს კანონების შინაარსი და ამ უფლებით გამოიყენოს ვეტო. პრეზიდენტის ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვაზე ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

კითხვაზე, თუ აპირებს პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების შეზღუდვაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინოს, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ "არა". დეპუტატის თქმით, მან გამოთქვა მოსაზრება და მისცა ბიძგი დისკუსიას.

"კონსტიტუციურ ცვლილებებს სხვა პროცედურა აქვს. მე გამოვთქვი მოსაზრება და მივეცი ბიძგი დისკუსიას, რომელიც უნდა წარიმართოს საზოგადოებაში. პრეზიდენტს ძველი კონსტიტუცით ჰქონდა პოლიტიკის წარმართვის და განხორციელების უფლება, ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შემოსვლის უფლება. დღეს პრეზიდენტი აღარ წარმოადგენს პოლიტიკის შემქმნელს, დღეს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი და არის არბიტრი ანუ ის არის მოდარაჯე თანამდებობის პირი, რომელიც თუ პოლიტიკური ხელისუფლებები წაიჩხუბებენ, უნდა ჩაერიოს, თუ დაინახავს, რომ პარლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საკითხის მიღებას დაიწყებს, უნდა ჩაერიოს. მაგრამ პეზიდენტმა მიზანშეწონილობის მოტივით პარლამენტს უკარნახოს კანონების შინაარსი და ამ უფლებით გამოიყენოს ვეტო, არ მგონია გამართლებული" - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნოისთვის, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების უფლება შეზღუდული უნდა იყოს. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მაშინ უნდა გამოიყენოს, თუ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კომენტარები