პოლიციელის მკვლელობა

შსს-მ ყვარელში პოლიციის კაპიტნის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა

შსს-მ ყვარელში პოლიციის კაპიტნის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა. 1986 წელს დაბადებული ივანე ი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1986 წელს დაბადებული გიორგი კ. განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ბრალდებით აიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ილია ს-ს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ივანე ი-მ 30 ნოემბერს, გამთენიისას, ინგლისიდან ჩამოსულ ილია ს-ს ცეცხლსასროლი იარაღი დაახვედრა და ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხოლო გიორგი ს-მ და გიორგი კ-მ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი და მისი მოძრაობის მარშრუტი დაუდგინეს.

გამოძიების ცნობით, ივანე ი-მ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლიდანაც ილია ს-მ პოლიციელს ესროლა, კვალის დაფარვის მიზნით დაშალა და მდინარე დურუჯში გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული იარაღის ნაწილი მდინარიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ი. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, გიორგი ს. თბილისში, პეკინის გამზირზე, ხოლო გიორგი კ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-108-ე მუხლით).

კომენტარები