აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე კარასინთან მომდევნო შეხვედრაზე: ჩავიაროთ ჯერ ეს პერიოდი

ზურაბ აბაშიძე

საქართველო კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატს განაგრძობს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შენარჩუნდება რუსეთთან კომუნიკაციის არხი, თუმცა მომდევნო შეხვედრა ამ ეტაპზე დანიშნული არ არის. 

"ამ ფორმატს ვინარჩუნებთ, ამ კომუნიკაციის არხს, მაგრამ მორიგი შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის. იგივე თქვა გუშინ კარასინმა, ოღონდ ცოტა სხვა სიტყვებით", - თქვა აბაშიძემ.

კითხვაზე, რაზე იქნება დამოკიდებული კარასინთან მორიგი შეხვედრა, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი პასუხობს - "ვნახოთ, ვნახოთ, დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ჩავიაროთ ეს პერიოდი, კომუნიკაციის არხი შენარჩუნებულია, თუ საჭირო იქნება, ჩვენ გვაქვს საშუალება იმის, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიმეორებ, შემდეგ შეხვედრაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ", - განაცხადა აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმება გააფორმა, საპარლამენტო უმცირესობამ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. პროექტის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, შეწყდეს კარასინ-აბაშიძის შეხვედრები, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემუშავებული რეზოლუცია ჩააგდო.

კომენტარები