ფარული მოსმენები

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი ჩაფიძემ, მიროტაძემ და ჯაფარიძემაც დაუჭირეს

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევას რამდენიმე იმ დეპუტატმაც დაუჭირა მხარი, რომელმაც წინა კენჭისყრაზე ხმა არ მისცა სესიაშვილი-ბესელია-ფოფხაძის შემუშავებულ კანონპროექტს. ტაბულას ინფორმაციით, მათ შორის არიან ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაძე, კობა დავითაშვილი, თედო ჯაფარიძე, დავით ბეჟუაშვილი და სამველ პეტროსიანი. 

ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 28 ნოემბერს 73 ხმით მიიღო. მან წინა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო. მან პარლამენტს საკუთარი შენიშვნებიც გადაუგზავნა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა.

უკვე მეორედ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, მოსმენების ერთი ე.წ გასაღები შსს-ში რჩება, ხოლო მეორე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.

კომენტარები