ფარული მიყურადება

პრეზიდენტმა პარლამენტს ალტერნატიული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

პრეზიდენტმა პარლამენტს ალტერნატიული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ გუშინ მიღებულ კანონპროექტს, ვეტო დაადო. 

პრეზიდენტის შენიშვნები ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა:

"საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, შენიშვნებით გიბრუნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებს.

წარმოდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კონტროლის მექანიზმის შექმნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი მოდელის დამკვიდრება, კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და ინფორმაციის მოპოვების, ასევე ამ პროცესებზე ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება და კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების მექანიზმის შემუშავება.

მიგვაჩნია, რომ:

1. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის შესახებ პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტის შესაბამისად. ხსენებული სტანდარტი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ პირის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია არსებობდეს ინფორმაციის გადაცემაზე გარე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიუთითებს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ახასიათებს ფარული ბუნება, მათ დიდ ნაწილს საზოგადოება საერთოდ ვერ ხედავს და, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს. ამ ფონზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის ცდუნება და რისკი სხვა შემთხვევებთან შედარებით მაღალია. ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას“.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. იმავდროულად, ხსენებული კანონის პროექტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთან ერთად, არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთი შემადგენელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე შეუძლებელია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელება. შესაბამისად, ნათელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ერთდროულად წარმოადგენს როგორც ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესზე გარე კონტროლის მექანიზმს, ასევე თავად ამ პროცესის ერთ-ერთ შემადგენელს. ეს კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე გარე კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობას, მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის ხარისხს.

ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა წარმოადგენდეს ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის მხოლოდ გარე კონტროლის ინსტიტუტს, მით უმეტეს, რომ მას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციას აკისრებს.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიან ელექტრონულ სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სასამართლოს მონაწილეობით მიღწეულ იქნება ამ სისტემის ეფექტიანი და მიუკერძოებელი ფუნქციონირება. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში სასამართლოს მონაწილეობის ხარისხის გაზრდა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან გამიჯნულ სახელისუფლებო ინსტიტუციას წარმოადგენს, უდავოდ იქნება პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესების წინაპირობა. ამასთან, სასამართლოს ელექტრონული თანხმობის არსებობის სავალდებულოობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიან ელექტრონულ სისტემაში, ვერ იქნება აღქმული სასამართლოს მონაწილეობად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში. სასამართლო, როგორც ხსენებული ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის შემადგენელი, თავად კი არ ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ფარული მიყურადება-ჩაწერა), არამედ ქმნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მოქმედებების წარმართვის წინაპირობას. ეს კი, თავის მხრივ, უდავოდ გაზრდის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ხარისხის შეგრძნებას და სანდოობას ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესის მიმართ, მინიმუმამდე დაიყვანს ფარული მიყურადება-ჩაწერის პროცესში სახელმწიფოს არალეგიტიმური ჩარევის ალბათობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, მსგავსად დღეს მოქმედი მექანიზმისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში არ ხდება ახალი სუბიექტის შემოყვანა. პროცესი წარიმართება კვლავ სამართალდამცავი ორგანოსა და სასამართლოს მონაწილეობით. სასამართლო გასცემს განჩინებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე და, იმავდროულად, ელექტრონული თანხმობით უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების პროცესის განხორციელებას.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედების მხოლოდ ერთ სახეს - სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან, და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, - ასევე უნდა წარიმართოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ხსენებული საგამოძიებო მოქმედება უკავშირდება ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებას, რაც, თავის მხრივ, არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის განუყოფელი შემადგენელი და რაზეც არაერთხელ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მაგალითად, „კოპლანდი (Copland) გაერთიანებული სამეფოსწინააღმდეგ“).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოსახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქეეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგმიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში დაცულია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული და ჩვეულებრივი ფოსტის, პეიჯერისა და ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალებით. კონსტიტუციის მიზანი ამ შემთხვევაში არის დაიცვას პირებს შორის ნებისმიერი საშუალებით საუბრისა და მიმოწერის შესაძლებლობა. ამ უფლების უზრუნველყოფის ფარგლებში სახელმწიფოს ზოგადად ეკრძალება, გაეცნოს სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით წარმოებული საუბრებისა და შეტყობინებების შინაარსს, აგრეთვე, დააწესოს კონტროლი, ვისთან და რა ინტენსივობით შედგა ასეთი ურთიერთობები. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დასაქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ინტერნეტით კომუნიკაცია ექცევა ადამიანის პირადი ჩანაწერის, მიმოწერის, ტექნიკური საშუალებებით საუბრისა და ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინების უფლებით დაცულ სფეროში. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის აღნიშნული უფლებრივი კომპონენტის მიზანია: „...დაიცვას პირებს შორის, ნებისმიერი საშუალებით, საუბრისა და მიმოწერის შესაძლებლობა. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და განვითარება წარმოუდგენელია, შეუძლებელია ინფორმაციის თავისუფლების, აზრთა გაცვლისა და ადამიანების ნებისმიერ სფეროში თავისუფალი კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე“. ასევე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ინტერნეტის დიდ მნიშვნელობას კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საქმეში: „ინტერნეტის მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის ძალიან დიდია და ყოველდღიურად მზარდი. ის ადამიანთა კომუნიკაციის, მოსაზრებების გაცვლის, გაზიარების ძალზე ეფექტური და მოსახერხებელი საშუალებაა.“ კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული კომუნიკაციების ხელშეუხებლობის უფლების კონტექსტში ინტერნეტით კომუნიკაციის უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, აირჩიოს თემები, ინტერესები და პირთა წრე, ვისთანაც ამ თემებზე კომუნიკაციას ისურვებდა. ამასთან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დაცული იყოს ამგვარი კომუნიკაციის შინაარსის, ისევე როგორც მასში მონაწილე პირების საიდუმლოება. როგორც სასამართლომ განაცხადა: „ინტერნეტი არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ასეთი საჯარო ან კერძო ურთიერთობებისთვის. ამიტომ, თუ არ იქნება ინფორმაციის დაცულობის და პირთა ანონიმურობის დაცვის შესაბამისი გარანტია, ეს კითხვის ქვეშ დააყენებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ამასთან, დააბრკოლებს, გაართულებს ამ გზით კომუნიკაციას ნებისმიერ სფეროში. რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას.“

ზემოხსენებული სასამართლო საქმეები ნათლად მიუთითებს ინტერნეტკომუნიკაციის, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემადგენელი კომპონენტის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მეტად ეფექტიანი მექანიზმის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადება-ჩაწერასთან ერთად, ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებაც ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სასამართლოს ელექტრონული თანხმობით იყოს შესაძლებელი.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც წარმოდგენილია ხელმოსაწერად, იცვლება ხსენებულ კანონში ა.წ. 1 აგვისტოს შეტანილი დებულება ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემნახველი სუბიექტის თაობაზე, ასევე ამ მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც მიღების მომენტისათვის განისაზღვრა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 15 მარტის N2006/24/EC დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად.

ხსენებულ კანონში, ასევე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2014 წლის 1 აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებებს დადებითი შეფასება მოჰყვა საექსპერტო სფეროსა თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან. ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ეს არის აუცილებელი, შესაბამისი და პროპორციული საშუალება ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ამგვარ ლეგიტიმურ მიზნებად მიჩნეულ იქნა ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილება და სხვ. გარდა ამისა, განისაზღვრა იმ დანაშაულებრივ შემთხვევათა კატეგორიები, რომელთა მიმართაც დასაშვებია ფარული ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და გაძლიერდა ზემოაღნიშნულ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო ფუნქციები. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოქმედი კანონის პროგრესულად მიჩნეული ნორმები არ უნდა იყოს შეცვლილი.

ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონპროექტით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, განსხვავებით უკვე მოქმედი რედაქციისაგან, მეტწილად ზოგადი, ფართო და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაძლოა გახდეს სამართლის ნორმის არაგანჭვრეტადობის წინაპირობა. უდავოა, რომ განჭვრეტადობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონი უნდა იყოს საკმარისად ნათელი, რათა ცალკეულ პირებს მისცეს ადეკვატური მინიშნება იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა არსებობისას სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია, გამოიყენოს კონკრეტული ზომა (იხ.: „კოპლანდი(Copland) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“). ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე„საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“მიუთითებს, რომ „ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი“. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემადგენელი კომპონენტები უნდა დარჩეს იმ ფორმულირებით, როგორადაც იგი განისაზღვრა ა.წ. 1 აგვისტოს კანონით.

5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტები, ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებას 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს კონტროლის ელექტრონული სისტემის, მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შექმნა. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხსენებული ვალდებულება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მიზანშეწონილია მის განხორციელებაში ჩაბმული იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროცესის სანდოობის ხარისხს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის  68-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებს", - წერია ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენების შესახებ სესიაშვილი-ფოფხაძე-ბესელიას შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა 73 ხმით მიიღო. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება.
 
ერთი თვის წინ, პარლამენტის მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენების შესახებ კანონის მომზადება რამდენიმე თვით გადაიდო, პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო.

კომენტარები