რუსეთის ეკონომიკა

რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი 49 რუბლზე მეტი ღირს

მაქსიმ ზმეიევი / REUTERS

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს, მისმა გაცვლითმა კურსმა პარასკევს, 28 ნოემბერს ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ერთი ამერიკული დოლარი 49,5 რუსული რუბლი ღირს. 

Bloomberg-ის ცნობით რუბლის გაცვლითი კურსის ვარდნითი პროცესის გაძლიერება ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირებით არის გამოწვეული. დღეისთვის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე $69.2-ს შეადგენს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ნავთობის მსოფლიო ფასის რამდენიმე სცენარისთვის არის მზად. მათ შორის, განიხილება $60-ის არსებობაც. 

ევროკავშირმა 17 ნოემბერს რუსეთისთვის ახალი სანქციების მიღებისგან თავი შეიკავა, რასაც ანალიტიკოსები ნავთობის ფასის $80-ზე დაბლა დაწევას უკავშირებენ.

როგორც წესი, გაუფასურებული ვალუტა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ზრდის. თუმცა რუსეთის შემთხვევაში, როდესაც მათი მთავარი საექსპორტო საქონელი გაზი და ნავთობია, რომლის შეძენაც დოლარში ხდება, ამას დადებითი გავლენა არ აქვს. რუსეთს უძვირდება იმპორტი, რაც თავისთავად სამომხმარებლო ფასებზე აისახება. 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის გაცვლითი კურსის გასამყარებლად ოქტომბრის თვეში $13 მილიარდი დახარჯა, თუმცა ცენტრალური ბანკის ინტერვენციამ გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წლისთვის ვალუტის შეკავებისთვის $50 მილიარდი უკვე გამოყო, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ეს თანხა გაცვლითი კურსის ვარდნის შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება.

 

 

კომენტარები