აგვისტოს ომის გამოძიება

ბურჯალიანი: აგვისტოს ომის გამოძიებაზე ხიდაშელის განცხადება არის ტყუილი

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის შეფასებით, "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომის გამოძიებასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შესახებ არის ტყუილი, უპასუხისმგებლობა და იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც წლებია მუშაობს რუსეთის აგრესიის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მიცემაზე ამ უწყებებში". ცნობისთვის, ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას აწარმოებს. მისი თქმით, აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის განხორციელების დამტკიცებას სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს და წინამორბედ მთავრობას ამ კუთხით საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულების სახით "ერთი ფურცელიც" არ გაუგზავნია, რასაც ბურჯალიანი სიცრუეს უწოდებს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შევხვდი პირადად რუსული აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 13 აგვისტოს და გადავეცი ჩემს ხელთ იმ დროისათვის არსებული ინფორმაცია. ასევე შევხვდი 2008 წლის სექტემბერში და გადავეცი საქმის მასალები რამდენიმე ტომად, რომელიც აჩვენებდა რუსი სამხედროების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას, ომის დანაშაულსა და სხვა მძიმე სამართალდარღვევებს. 2009 წელს მე და ზურაბ ადეიშვილი ისევ შევხვდით სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პროკურორს ბატონ ოკამპოს და გადავეცით დამატებითი მასალები, რაც იმ დროისათვის გამოძიებამ და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიპოვეს. ამასთან, სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს 2009-2011 წლებში რამდენჯერმე გაეგზავნა ასეულობით გვერდი მტკიცებულება და სიტუაციის ანალიზი, რომელიც ადასტურებდა რუსი სამხედროებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული პირების მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდასა და ომის დანაშაულებს. ამავე პერიოდში განხორციელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ვიზიტები საქართველოში, რომლის დროსაც მათ გადაეცათ დამატებითი მასალები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტების მიწოდება ხდებოდა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიების გავლით. ამ წერილების ნომრები და ასლები უნდა ინახებოდეს ორივე უწყებაში. ამასთან, ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ მასალების მომზადებაში, ისევ მუშაობენ მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში და მათ ამნეზია არ აწუხებთ", - აცხადებს ბურჯალიანი და აღნიშნავს, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა დადებითად შეფასდა სისხლის სამართლის სასამართლოს 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 წლის ანგარიშებში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნა წარდგენილი. მისივე თქმით, დოკუმენტები სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს ვებგვერდზე დევს.

"ასევე საჯაროა პროკურორის 2008 წლის 14 აგვისტოსა და 2010 წლის 25 ივნისის განცხადებები, სადაც საუბარია ქართული მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელები შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე საქართველოს განაცხადი დასაშვებად გამოცხადდა 2011 წელს. მისი არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. უმჯობესია, ქალბატონმა ხიდაშელმა საზოგადოებას უთხრას რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. რაც შეეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დავას, შეგახსენებთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ უნდა მომხდარიყო ეთნიკური წმენდის ბრალდების გარშემო არგუმენტების გაცვლა მოლაპარაკების გზით. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ პოზიციას, თუმცა დავის გასაგრძელებლად ამ პირობის შესრულება აუცილებელი იყო. წინა ხელისუფლების დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციას, სადაც ის ცალსახად დაადანაშაულა ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ანუ დაიწყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მითითებული პროცესი. ხელისუფლების ცვლის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და მისი ბედი უცნობია. ქალბატონმა ხიდაშელმა ამაზეც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მთელი რიგი თემებით სპეკულაციას. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ახლა უკვე ანექსია ის საკითხებია, რომელთა გადასაჭრელად უნდა გაერთიანდეს ყველა. ქალბატონი ხიდაშელის განცხადებები კი, მხოლოდ საწინააღმდეგოს აჩვენებს", - წერს ბურჯალიანი Facebook-ში.

კომენტარები