სახალხო დამცველის განცხადება

ნანუაშვილი: პატიმრების წამების საქმეზე გამოძიება არასწორად მიმდინარეობს

radiotavisupleba.ge/

12 ნოემბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში დაფიქსირებულ ფაქტზე გამოძიების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთით სარგებლობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით წარმართვა არაეფექტურია - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩემს მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მასალები იძლეოდა შესაძლებლობას პროკურატურას გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო მინიმუმ, ვიმეორებ მინიმუმ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც დანაშაულად აცხადებს არაადამიანურ მოპყრობას“, - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, გაასაჯაროოს – სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების დაწყების თარიღის და უწყების მითითებით; ასევე როდის დაინიშნა და ჩატარდა თუ არა 12 ნოემბერს დაზარალებული პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ დრომდე საქართველოს პროკურატურის მოქმედებები # 8 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე არ არის მიმართული იმისკენ, რომ 12 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე ეფექტური გამოძიება ჩატარდეს. სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, გამომძიებლების ინტერესის საგანს უპირატესად წარმოადგენდა, თუ რა წესებით ხდება შიდა საქმის წარმოება სახალხო დამცველის აპარატში და არა ის, თუ რა სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ მისი რწმუნებულები და რა ინფორმაცია მიიღეს მათ პატიმრებისა და დაწესებულების თანამშრომლებისგან.

„ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ვადასტურებ, რომ 20 ნოემბერს ჩემი რწმუნებულები კიდევ ერთხელ შეხვდნენ აღნიშნულ ორ პატიმარს და მათ კვლავ აღენიშნებოდათ სხეულზე დაზიანებები, ამიტომ, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ დაზიანებების კვალი გამოძიების დაწყების დროისთვის უკვე წაშლილი იქნებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

სახალხო დმაცველის თქმით, არაეფექტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის პრაქტიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა სავარაუდო წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მხრივ, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 19 ნოემბრის განცხადებით, გამოძიება საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიერ აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე და მხოლოდ სამინისტროს 20 ნოემბრის განცხადებით, საქმე გადაეცა მთავარ პროკურატურას.

„აღნიშნული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მთავარი პროკურორი უფლებამოსილია ქვემდებარეობის მიხედვით, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე ამოიღოს ერთ საგამოძიებო უწყებიდან და გადასცეს მეორეს. ხოლო, ადამიანის უფლებების და ეფექტური გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, მსგავს შემთხვევებში ვერ იქნება გამოძიების მწარმოებელი დამოუკიდებელი უწყება. ეს გარემოება საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებაზე უკვე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოს პროკურატურის მოქმედებები ამ და სხვა არაერთ საქმეზე ნათელს ხდის, რომ გარდაუვლად აუცილებელია, უმოკლეს ვადებში საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პოლიციელთა მიერ წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს.

„2014 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გავაგზავნე 18 წინადადება, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი, 1443-ე მუხლით. კვალიფიკაციის გარდა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება ჩაატარა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა და არა საქართველოს პროკურატურამ. რამდენიმე შემთხვევაში, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიებაც კი არ დაიწყო და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და პატიმართა განმარტებების საფუძველზე ჩათვალა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, 18 შემთხვევიდან არცერთზე ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოვლენილია თუ არა ბრალდებული პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, სასჯელაღსრულების, ისევე როგორც სხვა დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აუცილებელია პრევენციის ეროვნული მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო- და ვიდეოგადაღების უფლება. ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დააჩქაროს სახალხო დამცველის აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მიღება.

„ასევე, არსებითი მნიშვნელობისაა, სახალხო დამცველს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დაშვება დახურულ დაწესებულებაში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პატიმრების უსაფრთხოება და გამორიცხოს მათზე ნებისმიერი ზეწოლა; ამისათვის აუცილებელია მათი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.

„ასევე, მნიშვნელოვანია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოშორდნენ სამსახურს დაწესებულების ყველა ის თანამშრომელს, რომელიც დასახელებულია საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ ჩემს წინადადებაში. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველს კი წარმოადგენს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ანგარიშის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისათვის დაუყოვნებლივ არგაგზავნაში, პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების არასრულ დოკუმენტირებასა და ტელეფონოგრამით ინციდენტის შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები