სახალხო დამცველის განცხადება

ომბუდსმენი: უსინათლო პირების სრულფასოვანი ცხოვრება კვლავ გამოწვევაა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი პირების სრულფასოვანი ცხოვრება და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარ–ჩვევების შეძენასა და განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უსინათლოთათვის დამხმარე საშუალებების მიწოდება და სახელმწიფო პროგრამით დადგენილი ხელჯოხის მიწოდებაც ხარვეზებით ხასიათდება.

"საზოგადოებრივ, განსაკუთრებით ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში, გათვალისწინებული არ არის ვიზუალურ და ხმოვან ინფორმაციათა დუბლირების შესაძლებლობა. მისაწვდომობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია; უსინათლო პირებისთვის არ არის მისაწვდომი საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამები, ფილმები. ლიტერატურა (მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო და ა.შ.) არ გამოიცემა ადაპტირებული ფორმით", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, 2015 წელს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის უსინათლო პირთათვის ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, აღნიშნული პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. 

"მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსინათლო პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისები და პროგრამები, დასაქმება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა პირის უფლებების თანაბარი დაცვა და ამ გზით ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება", - აღნიშნულია განცხადებაში.

15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1970 წელს უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით დაწესდა.

კომენტარები