სახალხო დამცველის განცხადება

პროკურატურამ ია მეტრეველის მკვლელობის შესაძლო შეკვეთაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ირაკლი ფირცხალავას, კახა ლეგაშვილის, გიორგი ხიზანიშვილისა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ჩამოთვლილმა ადამიანებმა 2008 წლის ივლისში დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და ფსიქიკური ზეწოლით დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

"2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, 2008 წლის ივლისში გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით", - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება დღეს მოითხოვა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ოფისს მსჯავრდებული ესაუბრა, რომელსაც ყოფილი მაღალჩინოსნების ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობას და ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირის პოვნას აიძულებდნენ. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და გათავისუფლების სანაცვლოდ, ირაკლი ფირცხალავა და სხვა მაღალჩინოსნები მეტრეველის მოკვლას ძარცვის სცენარით სთავაზობდნენ. მსჯავრდებული შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა, აგვისტოს ომის დაწყების გამო გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა და მას ნარკოდანაშაულისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სახალხო დამცველის ბრალდებებს ირაკლი ფირცხალავა უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, მან შინაგან საქმეთა მინისტრს აღნიშნული საქმის გამოძიება რამდენიმე თვის წინ მოსთხოვა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მთავრობა პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს, რომელიც უსაფუძვლო ბრალდებებზეა დაფუძნებული. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კამპანიამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და მსგავსი განცხადებებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

კომენტარები