განათლება

რატიანი მზადაა, სანიკიძეს შეხვდეს და განათლებაში არსებულ პრობლემებზე ესაუბროს

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი მზადაა, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდეს და განათლების სისტემაში მიმდინარე პრობლემები განიხილოს. რატიანი მინისტრს განსახილველ საკითხებსაც აცნობს:

"Gurianews-თან ინტერვიუში განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის, კერძოდ ჩემი კრიტიკა, აზრს მოკლებულია და მთავაზობს, მიმდინარე პრობლემების განსახილველად, განათლების სამინისტროში მისვლას.

რასაკვირველია, ვიღებ ამ მიპატიჟებას (მით უმეტეს, რომ ადრე, სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ეს თავად მოვუწოდე) და ვთავაზობ საკითხებს, რომლებსაც პრობლემატურად მივიჩნევთ.

1. დაახლოებით 60 000 მასწავლებლიდან 20000 აქვს აღებული მასწავლებლის სერტიფიკატი. რატომ არის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ამოღებული მუხლი, რომლის თანახმადაც, მასწავლებლის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 8 წელია?

2. რატომ აწესებს უკვე სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ახალ სქემაზე გადასვლა დამატებით პირობებს? ამასთან, მოთხოვნებს ადგენს არა კანონი, არამედ საქართველოს მთავრობა. ეს, თავისთავად, მასწავლებლებს განუსაზღვრელ ვითარებაში აგდებს.

3. რატომ არ ემატება მასწავლებლებს და მით უმეტეს სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასი იანვრიდან?

4. რატომ ფინანსდება წელიწადში 9-10 ათასი სტუდენტი, როდესაც იმავე თანხით და დაფინანსების ძველი წესით შესაძლებელი იყო დაახლოებით 20 000 სტუდენტის დაფინანსება?

5. რატომ არ აითვისა განათლების სამინისტრომ 2013 წელს საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის განვითარების მუხლით გათვალისწინებული დაახლოებით 21 მილიონი ლარი, 2014 წლის 6 თვის ანგარიშით კი - 12 მილიონი ლარი?

6. და ბოლოს, მაინტერესებს პირადად განათლების მინისტრის პოზიცია მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი სასწავლებლების ფინანსების ხაზინაში გადატანას და რომლითაც იზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა.

ვთავაზობ განათლების მინისტრს შეხვედრას და ამ საკითხების განხილვას", - წერს რატიანი ფეისბუქზე.

კომენტარები