კახა ბენდუქიძე

ილარიონოვი: ყველამ ვიცოდით, რომ ბატონ კახას საქართველოში დევნიდნენ

wikipedia.org

ცნობილი რუსი ეკონომისტი, აშშ-ში მოქმედი Cato Institute-ის ექსპერტი, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ტაბულას კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრების, ასევე მისი საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ილარიონოვის შეფასებით, ქართული რეფორმები, რომელიც ბენდუქიძის დამსახურებით განხორციელდა, მსოფლიოში უპრეცედენტოა.  

ხვდებოდით თუ არა ბოლო პერიოდში კახა ბენდუქიძეს, რაზე საუბრობდით, რა აწუხებდა მას ყველაზე მეტად?

ბოლოს იგი ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში ვნახე. ის სპეციალურად ჩამოვიდა, რათა ჩემი ნახვის საშუალება ჰქონოდა. მგონია, რომ ის მაშინ გრძნობდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად არ ჰქონდა. როგორც ვხვდები ახლა, მას ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, ეს ბოლო დღეები იმ ადამიანებთან გაეტარებინა, რომლებიც მასთან ახლოს იყვნენ და ვინც მისთვის ძვირფასი იყო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით საქმეებზე, გეგმებზე და პროექტებზე. ის არაჩვეულებრივად აქტიური იყო, როგორც ყოველთვის. მას ათეულობით, ასეულობით სხვადასხვა იდეა და პროექტი ჰქონდა. მაგრამ ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. იგრძნობოდა განსხვავებული დამოკიდებულებაც, ის თითქოს ცდილობდა დამშვიდობებოდა მისთვის ძვირფას ადამიანებს.

ბოლოს მე მას 8 და 9 ნოემბერს ვესაუბრე. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა უკრაინისათვის, უკრაინული რეფორმებისთვის, რასაც მან ბოლო ერთი წელი მიუძღვნა. მაშინ თქვა, ახლა კორონოგრაფია უნდა გავიარო, ცოტა ხანი წოლა მომიწევს და ამ საქმეს მერე მივხედოთო. ის მიემგზავრებოდა იმ ოპერაციაზე, რომლის შემდეგ, სამწუხაროდ, ჯანმრთელობა ვეღარ აღიდგინა.


უთქვამს თუ არა რაიმე იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ბრუნდებოდა საქართველოში? უხსენებია თუ არა პოლიტიკური დევნა?

იგი არასდროს ხარჯავდა თანამოსაუბრის დროს საკუთარი პრობლემების განხილვაზე...

მაგრამ მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ საქმეებმა, რომლებიც ჯერ მისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ აღიძრა, შემდეგ კი მის წინააღმდეგ, აიძულა იგი ზაფხულში საქართველო დაეტოვებინა. ის, რომ მას დევნიდნენ, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას იგი სძულდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ის თავიდან მოეცილებინა, გაენადგურებინა უნივერსიტეტები, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს - ეს ყველამ კარგად იცოდა.

სამწუხაროდ, ერთი ძალიან არასასიამოვნო შემთხვევის მოწმე გავხდი. ბატონი კახა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ცენტრში მიიწვიეს, იქ იყო საკმაოდ სერიოზული აუდიტორია. მან ძალიან სერიოზულად ისაუბრა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებზე, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე რაიმე თავდასხმების გარეშე. უბრალოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა მიდგომები აქვს პრობლემებისადმი, ვიდრე მას და მის კოლეგებს. მისი გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა და წარმოთქვა ტირადა ბატონი კახას წინააღმდეგ. მან გამოთქვა პრეტენზიები, თქვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და ა.შ. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რა შეხვედრებზეც არ ვყოფილვარ, რა კონფერენციებში არ მიმიღია მონაწილეობა, არასოდეს არცერთი ქვეყნის მთავრობა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი, არ დაცემულა ასეთ სიმდაბლემდე და უხეშობამდე, როგორც ამას აკეთებდა და აკეთებს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება...

მას შემდეგ, რაც გამოვიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ ბევრჯერ გაუგია, რომ ხელისუფლების მიერ ოპონენტების, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრების დევნა პოლიტიკური ხასიათისაა. მაგრამ, ამის არ სჯეროდა...

მაგრამ, როდესაც მოისმინეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის ბინძური და უხამსი თავდასხმები ქართველი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის წინააღმდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან ზედმეტად პოლიტკორექტულები და რბილები იყვნენ და რომ ისინი ახლა დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება.

ახლა ხშირად ამბობენ, რომ ბენდუქიძე უდიდესი პრაქტიკოსი ეკონომისტია. თქვენ მის იდეებს იზიარებდით და ხედავდით, რასაც აკეთებდა ის საქართველოში. თქვენი აზრით, ეკონომიკური თავისუფლების იდეების განხორციელებისთვის, რისი გაკეთება შეძლო ბენდუქიძემ და რა ვერ მოახერხა?

უდავოა, რომ ბატონი კახა ქართველი ხალხის დიდი შვილია. ის იყო ქართველი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი გულწრფელად უყვარდა, მაგრამ იგი იმავდროულად გახდა ცვლილებების მონაწილე და საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელი რუსეთშიც და უკრაინაშიც. მე არ ვიცი სხვა შემთხვევა, რომ ერთ ადამიანს შეეტანოს ასეთი წვლილი სამი ქვეყნის ცხოვრებაში...
იგი მართლაც გახდა გამორჩეული პრაქტიკოსი ეკონომისტი, იმის მიუხედავად, რომ განათლება მოლეკულურ ბიოლოგიაში მიიღო. იგი ცხოვრების დიდი ნაწილი ბიზნესმენი იყო, შემდეგ კი გახდა სპეციალისტი განათლების სფეროში, შექმნა უნივერსიტეტი, ერთ-ერთი საუკეთესო არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით. საკუთარი ბრწყინვალე თვისებები მან გამოავლინა საქართველოში, სადაც თავისი იდეები განახორციელა.

რაც შეეხება იდეებს, მზა იდეებით არავინ იბადება, მათი შეძენა, განვითარება, გადამუშავება და გამყარება ხდება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. ბატონი კახა 1992 წელს გავიცანი და მაშინ მას ძალიან ბევრი ნათელი და ახალი იდეა ჰქონდა, ასევე ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი გამოხატვის სტილიც. მაგრამ მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ლიბერტარიანელი. 90-იანი წლების შუა პერიოდშიც და ბოლოშიც მას უფრო ე.წ. ინსტიტუციონალური ეკონომიკა იზიდავდა, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო, ერთ-ერთი სახელმძღვანელოს შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მაგრამ შემდეგ, ეცნობოდა რა პრაქტიკულ ცხოვრებას, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, რაც გაიცნო რუსი და არა მხოლოდ რუსი ლიბერტარიანელები, მათ შორის მეც, ბატონმა კახამ ძალიან სწრაფად დაიწყო თავისი შეხედულებების სრულყოფა და დაზუსტება და ძალიან მცირე დროის განმავლობაში გახდა არა მხოლოდ ერთ-ერთი ლიბერტარიანელი, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ლიბერტარიანელი და პრაქტიკოსებს შორის ნომერი პირველი.

ეს თვისებები მან გამოიყენა რუსეთში თავის საქმიან ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა. თანაც ჩანდა, როგორ ვითარდებოდა იგი ცხოვრებასთან ერთად და ყოველწლიურად და ყოველთვიურად კი არა, ყოველკვირეულად ახალ უნარებს იძენდა. ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის ახალ გზებს პოულობდა. ეს იყო ცოდნის შეძენის პროცესი, რომელიც ერთი წამით არ ჩერდებოდა. ამა თუ იმ პრობლემის მიმართ ახალი ცოდნის გამოყენება, ახალი არასტანდარტული, საოცარი გადაწყვეტილებების მოძებნა - ამ გაგებით ის, უეჭველად, მართლაც დიდი ეკონომისტია, დიდი ლიბერტარიანელი, ქართველი ხალხის დიდი შვილია.

როგორ ფიქრობთ, ის ცვლილებები, რომელიც კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით საქართველოში განხორციელდა, არის თუ არა შეუქცევადი? თუ მათი გადახედვა და ნეიტრალიზება შეიძლება? და შეიძლება თუ არა, ამ გამოცდილების რეალიზება როდესმე რუსეთში მოხდეს?

ადამიანის სიცოცხლეში შეუქცევადი არაფერია. სამწუხაროდ, ყველაფრის უკან დატრიალება არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ რამე შეცვალო, აუცილებელია ადამიანის ნება, თანმიმდევრულობა, ძალა და ენერგია. ეს მართალია როგორც სიკეთისთვის, ასევე ბოროტებისთვის. შეიძლება 9 წელიწადში საკვირველი, დაუჯერებელი რეფორმები განახორციელო, რასაც სამართლიანად ქართული ეკონომიკური სასწაული ეწოდა. ამ რეფორმებს მასშტაბებით, სისწრაფით, დეტალიზაციით, დაფარვით, არ გააჩნიათ ანალოგი მსოფლიოში, მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ შევისწავლეთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ ცნობილი ეკონომიკური რეფორმირების ყველა მაგალითი. არ არსებობს მაგალითი, რომ ამდენი ყოფილიყო გაკეთებული ერთ ქვეყანაში ასე მოკლე დროის განმავლობაში. და ყველაზე დიდი წვლილი ამაში ბატონ კახას მიუძღვის.

სიტუაციის შემობრუნება შესაძლებელია, თუ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვისაც სურთ ეს ყველაფერი დაანგრიონ, გაანადგურონ, ქვეყანა წარსულში დააბრუნონ. ეს არ იქნება ადვილი, ამისთვის უნდა გატეხონ ადამიანები, უნდა აიძულონ - თავისუფლება მონობაზე გაცვალონ, კეთილდღეობა სიღატაკეზე. მაგრამ ეს შესაძლებელია, ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები არსებობდა, სხვადასხვა ქვეყნებში, განვითარებულში და განვითარებადშიც. ამიტომაც თეორიულად ვერაფერს გამოვრიცხავთ.

შესაძლებელი არის თუ არა ასეთი რეფორმები რუსეთში? რასაკვირველია, შესაძლებელია, ისინი შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ ამისთვის რამდენიმე პირობაა აუცილებელი - შესაბამისი პოლიტიკური ხელისუფლება, პოლიტიკური ნება, ადამიანები, პირველ რიგში, ისეთი ადამიანები, როგორც ბატონი კახა. თუ ეს პირობები შესრულდა, ამის განხორციელება რუსეთშიც იქნება შესაძლებელი, სხვა ქვეყნებშიც და ამას შეიძლება საქართველოც კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს. და მე იმედი მაქვს, რომ ის დაუბრუნდება განვითარების ნორმალურ, ცივილიზებულ გზას. რომ ახლანდელი გაურკვევლობის პერიოდი, რომელშიც საქართველო იმყოფება, ადრე თუ გვიან დასრულდება და ის სტარტი, რომელიც კახა ბენდუქიძის ძალისხმევით მოხდა, გაგრძელდება ახალი თაობის მიერ. მათ შორის, იმ ახალგაზრდების მიერ, ვინც ახლა უნივერსიტეტებში სწავლობს, ვისაც ბატონი კახას გაცნობის და მისი მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდა. ვინც მისგან ცოდნა და ენერგია შეითვისა. ვინც იწამა, რომ მთავარი ადამიანის ცხოვრებაში თავისუფლებაა. თავისუფლება წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლევა. სამწუხაროდ, კახა ბენდუქიძე ჩვენთან აღარ არის, მაგრამ იმედი მაქვს, მის ნაცვლად მოვა ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც შეძლებს უფრო თავისუფალი გახადოს ადამიანების ცხოვრება საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.

 

კომენტარები