ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანის მხარდამჭერებმა მისი უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს

ემზარ კვიციანის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის პარლამენტის შენობასთან და კოალიცია ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაში მონაწილეობას კვიციანის ოჯახის წევრები, ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას პირველ დეკემბრამდე მისცეს ვადა ემზარ კვიციანის გათავისუფლებისთვის. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ და ეს უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს.

კოდორის ყოფილი რწმუნებულის დის, ნორა კვიციანის განცხადებით, პროკურორმა და მოსამართლემ კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯით საქართველოს მთავრობას პროვოკაცია მოუწყვეს. 

ემზარ კვიციანის მხარდასაჭერ აქციაზე დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანიც იმყოფებოდა.

"კითხვა მაქვს, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას რატომ მიუსაჯეს მხოლოდ 7 და 4 წელი, ხოლო ემზარ კვიციანს - 12 წელი... მე დღეს მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან, ემზარ კვიციანთან და უბრალოდ მოვედი ხალხთან", - განაცხადა ჯაჭვლიანმა. 

ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ჰქონდა წაყენებული.

კომენტარები