საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: საგარეო კურსის მდგრადობა რეფორმებზეა დამოკიდებული

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა უმრავლესობის წევრთა ნაწილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა წინასწარ გამოცხადებულ თემატიკას - ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, არ შეესაბამებოდა.

"თუ საგარეო კურსის მდგრადობაში ჩემს კოლეგებს მიაჩნდათ, რომ მე საერთაშორისო მიმოხილვას გავაკეთებდი, ეს არ არის სწორი, რადგან საერთაშორისო კურსის მდგრადობა სწორედ რომ საქართველოს შიგნით რეფორმებზეა დამყარებული ყველაზე მნიშვნელოვნად და არა სხვა დეტალებზე. ასოცირების შეთანხმებასა და ნატოს პაკეტში საუბარი იმის თაობაზე, თუ რა მოხდება საერთაშორისო კონტექსტში, იქ საუბარია იმის თაობაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, შესაბამისად, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია, როცა საუბარია საერთაშორისო კურსის მდგრადობაზე, უნდა ისაუბრო იმ ვალდებულებებზეც, რომლებიც ამ მდგრადობის მიმართ ავიღეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

რაც შეეხება იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის მიუხედავად პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები არ გაიმართა, მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ლოგიკას და გადაწყვეტილებას დაეთანხმა. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ის მზადაა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდეს.

"ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი პარტიისთვის. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მე შევხვდები, რადგან ჩემი ძირითადი დღის წესრიგი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ ევროპული რეჟიმით და ფორმატით. თუ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ამ საკითხებზე სასაუბრო, მე მზად ვარ ვესაუბრო, სხვა საკითხებზე არ ვიცი, რაზე უნდა მესაუბრონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები