ე.წ. პოლიტპატიმრები

ნარმანია: ე.წ. პოლიტპატიმრებისთვის შეღავათები იუსტიციის სამინისტრომ გვთხოვა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიას პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ მიმართა. როგორც ნარმანიამ ტაბულას კითხვის საპასუხოდ თქვა, შეღავათები ჯერ არ დაუწესებიათ და ის მხოლოდ პოლიტპატიმრებს არ შეეხება.

"შეღავათები დაწესებული არ არის, თუმცა, იყო მომართვები იუსტიციის სამინისტროდან, რომლის საფუძველზეც ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით შეჭირვებულები არიან და სხვა რაიმე სახის შესაძლებლობა არ აქვთ, ესეთი მინიმალური კატეგორია იქნება გამოყოფილი, რომელთაც დაუწესდებათ შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მხოლოდ პოლტპატიმრები არა - საბავშვო ბაღების პედაგოგები, რომლებიც სარგებლობენ 20-თეთრიანი ტარიფით, ვმუშაობთ მათთვის ასევე ტარიფის უფრო მეტად შემცირებაზე. ვფიქრობთ, რომ მათთვის მგზავრობა იყოს უფასო", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თქვა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ. მისი განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრები 20-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. 

"პოლიტიკურად დევნილები და რეპრესირებული ადამიანები მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებს პირველი იანვრიდან მიიღებენ, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი და არიან გათავისუფლებულნი. იუსტიციის სამინისტრო მოგვცემს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეღავათი დაწესდება", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 

კომენტარები