ე.წ. პოლიტპატიმრები

ალასანია: საფრთხეებში, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა გათავისუფლება ვიგულისხმე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, როდესაც ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულთა მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე ისაუბრა, მან მხოლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულთა გათავისუფლება იგულისხმა.

"როგორც ჩანს, ყოველთვის გვჭირდება, ძალიან ნათელი განმარტებები გავუკეთოთ ხელახლა იმას, რაც ვთქვით. სამწუხაროდ, კარგი მსმენელი არა გვყავს ხოლმე პოლიტიკური სპექტრის სახით და გამეორება გვიწევს. აქ არ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე ზოგადად. კონკრეტულად იყო დასმული შეკითხვა ჩემს მიმართ იმ კონკრეტულ პირებზე, ვინც ეჭვმიტანილი იყო ჯაშუშობაში, ანუ იყო კონტრდაზვერვითი საფრთხის მატარებელი და მე სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე მქონდა საუბარი და არავითარ შემთხვევაში, ზოგადად პოლიტპატიმრებზე. აქედან გამომდინარე, ჩემი პასუხი ეხებოდა ვიწროდ იმ ადამიანებს, ვინც ეჭვმიტანილი იყო ჯაშუშობაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ძალიან მტკიცე ვიქნებით ყველა კონტრდაზვერვითი საფრთხის მიმართ და გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება ყველა ასეთი საფრთხის წინააღმდეგ", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, 9 ივნისს, ტაბულას ეთერში, თავდაცვის მინისტრს გადაცემა თეორემას წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფატს, რომ ე.წ. მეხუთე კოლონას და რუსეთის საყრდენი ორგანიზაციების ნაწილს ის ადამიანები მართავენ, რომლებიც თავის დროზე ქართული ოცნების გუნდმა პოლიტპატიმრებად შერაცხა. თეორემას წამყვანმა ირაკლი ალასანიას მაგალითად შოთა აფხაიძე, გიორგი გაბედავა, ტრისტან წითელაშვილი და სხვები დაუსახელა და ჰკითხა, გრძნობს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს და რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებულებს პოლიტდევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ის სამართლებრივად არ იცნობს პოლიტპატიმრების საქმეებს, თუმცა, მინისტრის აზრით, თავის დროზე პარლამენტს უფრო მეტი დრო უნდა დაეხარჯა შედეგების გათვლაზე. 

"ჩათვალეს, რომ იყო საფუძველი ამ ხალხის გამოსაშვებად. მაშინდელმა შს მინისტრმა და ახლა უკვე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეიძლებოდა საფრთხის შემცველი ყოფილიყო და მე მას ვეთანხმები", - თქვა ალასანიამ. 

კომენტარები