საქართველოს პარლამენტი

ბესელია ენმ-ს: ტალახი, რომელსაც ისვრით, ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება

"ის ტალახი, რომელსაც ისვრით, ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება, ხვდება თითოეულ თქვენგანს, რომელიც ისვრით ამ ტალახს, მაგრამ არა იმ ადამიანს", - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ცვლილებები მოხდა და ერთი პოლიტიკური ოპონენტი შეემატა, რომელიც ბევრად უფრო საინტერესო კულტურულ დებატებს გამოიწვევს სხდომების დროს. 

"ორი წლისთავზე საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური რეალობა შეცვლილია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე არ არის მონოპოლიზირებული ნაციონალური მოძრაობის მიერ. მოსახლეობა ბევრად მნიშვნელოვან და კულტურულ პოლიტიკურ დებატებს შეესწრება პარლამენტში. მინდა გამოვეხმაურო ნუგზარ წიკლაურის განცხადებას საქართველოს ოკუპაციასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გვახსოვს თქვენი ლიდერების განცხადებები - რა მოხდა მერე, რომ 140 სოფელია დაკარგული. ასევე გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. გვახსოვს, მიტოვებული ჩვენი მოქალაქეები აგრესორის პირისპირ, გვახსოვს მიცვალებულები და იმ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოვირეცხავდით, რომ არა საქართველოს პატრიარქი, რომელიც შებრძანდა იქ და გამოაბრძანა ჩვენი მიცვალებულები. ისიც გვახსოვს, ტაშ-ფანდური რომ იყო გამართული მაშინ, როცა იქ ჩვენი ბიჭები იხოცებოდნენ. ბევრი რამ გვახსოვს, მაგრამ არა თქვენი წუხილი იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი საქართველოში. გვახსოვს ისიც, ვინ როგორ იქცეოდა, ვინ რას აკეთებდა იმ დღეებში. თუ რამე საქებრად და თავმოსაწონად მოგაქვთ, ყველაფერი ის დაკავშირებული იყო იმ ადამიანთან, რომელსაც ასე წარამარა ახსენებთ ყველა ბრუნვაში, ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ, ის ტალახი მას არ ხვდება, ხვდება თითოეულ თქვენგანს, რომელიც ისვრით ამ ტალახს, მაგრამ არა იმ ადამიანს, რომელსაც იმდენი აქვს გაკეთებული, რომ იმის 0.00001 რომ გაუკეთოთ თქვენს ქვეყანას, თავაწეულები ივლით. და ბოლოს, დიახ, არა არც ანექსიას, არც ოკუპაციას და არა ნაციონალურ მოძრაობასაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ სხდომაზე. 

კომენტარები