საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე ბერუჩაშვილზე: მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას

"მე მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას" - ასე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე მისი ყოფილი მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ასევე თქვა, რომ საზოგადოება მისგან ვერ მოისმენს ისეთ სიტყვებს, რომელიც პრემიერმა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გამოიყენა და ავტორს სხვა თემაზე გადასვლა სთხოვა.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის მოადგილეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადადგომის თაობაზე, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი საუბარი მხოლოდ დავით ზალკალიანთან ჰქონდა. მისივე თქმით, როდესაც თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ყველა თავისუფალი იყო არჩევანში. 

"მეორე დილას მან [ბერუჩაშვილმა] დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა პრემიერთან შეხვედრა, ვრცელი საუბარი და რომ ის რჩება თანამდებობაზე, ანუ მოადგილის თანამდებობაზე. ეს იყო და ეს. მე რასაკვირველია აბსოლუტურად არანაირი რეაქცია ამაზე არ მქონია" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მინისტრად წარდგენილი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარე თვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 5 ნოემბერს ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა. გადადგომისას მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია. მეორე დღეს კი ბერუჩაშვილმა თქვა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. 

"ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა", - ასე ახსნა მან დღეს 5 ნოემბერს მიღებული და შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილება.

 

კომენტარები