ქალაქი უჟგოროდის მილიციამ მანქანების ძარცვისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ინფორმაცია დაკავების შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული. უკრაინის შსს არ აზუსტებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, თუმცა გამოქვეყნებულ ფოტოებზე მილიციის მიერ ამოღებულ ნაქურდალთან ერთად მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტიც ჩანს.
"უჟგოროდელების მანქანებს უცხოეთის სამი მოქალაქე „წმენდდა“, რომელთა ასაკი 37-დან 45 წლამდეა. ისინი უკანასკნელი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდნენ, კერძოდ კი კიევსა და ლუგანსკში. ქურდები იყენებდნენ სპეციალურ სკანერს, რომლითაც იწერდნენ ელექტრონული სიგნალიზაციის კოდს, რათა მანქანის კარი გაეღოთ," - ვკითხულობთ უკრაინის შსს-ს ვებგვერდზე.
დაკავებულებს დაუმტკიცეს მანქანების ძარცვის სამი ეპიზოდი, რომელთაგან მოპაული თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა 17000 გრივნას შეადგენს. სამივე პირის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგ დაკავებულებს ბრალს წაუყენებენ.





