თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პროკურატურა: გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე თავდაცვას მასალები გავუგზავნეთ

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის მასალები გაუგზავნა. პროკურატურის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრომ განსაიდუმლოების და გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა განიხილოს. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლასაც სთხოვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არ მოუთხოვია, თუმცა საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს. პროკურატურის ცნობითვე, ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, პროცესის საჯაროობის და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები. უწყებას ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოდგენს. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა დამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს. ამავდროულად, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე. პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვნით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც გამოძიება ამოწმებს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებასა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

კომენტარები