რუსეთის ეკონომიკა

რუბლმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - ერთი აშშ დოლარი 44,7 რუბლზე მეტი ღირს

Getty Images

5 ნოემბერს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე რუსული რუბლის დოლართან მიმართებით გაცვლითმა კურსმა ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ერთი ამერიკული დოლარი 44,7 რუბლი ღირს, ხოლო ერთი ევრო 56 რუბლს უტოლდება. 

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ინფორმაციით, რუბლის გაცვლითი კურსის დაცემა მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება. არჩევნების მხარდაჭერამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება შეიძლება გამოიწვიოს.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის გაცვლითი კურსის გასამყარებლად ოქტომბრის თვეში $13 მილიარდი დახარჯა, თუმცა ცენტრალური ბანკის ინტერვენციამ გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2015 წლისთვის ვალუტის შეკავებისთვის $50 მილიარდი უკვე გამოყო, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, ეს თანხა გაცვლითი კურსის ვარდნის შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. 

2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები $454 მილიარდს შეადგენდა, სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყნის რეზერვები დაახლოებით 10%-ით შემცირდა. Itar-Tass-ის ცნობით, რუსულ კომპანიებს 2015 წელს საგარეო ვალის სახით $100 მილიარდის გადახდა მოუწევთ, რაც ქვეყანაში არსებულ ვალუტის რეზერვებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. 

ენერგომატარებლები რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონელია, მასზე ფასის შემცირებას კი რუსეთის სავალუტო რეზერვებზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ვალუტის გაცვლითი კურსის შემცირებამ და ეკონომიკის შესუსტებამ რუსეთიდან $90 მილიარდის ოდენობით უცხოური კაპიტალის გადინება უკვე გამოიწვია.

კომენტარები