კრიზისი კოალიციაში

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. პრემიერის ხელმოწერილი შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ირაკლი ალასანიას მრჩეველმა ლევან ჯორბენაძემ. მან ამის შესახებ ტაბულას განუცხადა. მისი თქმით, ხვალიდან, 6 ნოემბრიდან მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე აღარ იქნება. თანამდებობა ასევე დატოვა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა შანიძემ.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

კომენტარები