კრიზისი კოალიციაში

ბოკერია: შიდაპოლიტიკური ინტრიგების გამო საკუთარი მინისტრის დევნა სახეზეა

Giga Bokeria
Tabula

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი ალასანას და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"მაშინ, როცა სახეზეა ის, რომ კოალიცია იშლება, ბიუჯეტი არის გარღვეული და ვალების მეშვეობით აბალანსებენ, კრიმინალი გაიზარდა, ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების უმწვავესი გამოწვევები და პირველ რიგში აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დგას, ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ეს არის უღრმესი კრიზისი, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პრობლემაა ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კრიზისში და გადადგა უამრავი ნაბიჯი, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და უსაფრთხოებას" - განაცხადა ბოკერიამ გადაცემა არჩევანში.

გიგა ბოკერიას აზრით, თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებში მთავარი მოქმედი პირი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. 

"სახეზეა შიდაპარტიული ინტრიგების გამო, საკუთარი თავდაცვის მინისტრის და მისი გუნდის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მაშინ, როცა ის იცავდა ხელისუფლების პოლიტიკას გასული 2 წლის განმავლობაში. ყველას გვესმის, რომ პროკურორი ბადაშვილი არ წყვეტს ამ საკითხებს. ვიცით, რომ ამას აკეთებს ივანიშვილი" - განმარტა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ ივანიშვილს რეჟიმს საზოგადოებამ დემოკრატიული გზით დაუსვას წერტილი.  

"ჩვენი საზოგადოების გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმს დემოკრატიული გზით დავუსვათ წერტილი. მე ველი, რომ ქართული საზოგადოება წერტილს დაუსვამს ოლიგარქის მიერ პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რომლის მსხვერპლიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. ველი იმას, რომ საზოგადოება - სამოქალაქო პროტესტის და აქტივობის გზით, რისი ნაწილიცაა 15 ნოემბერი, აიძულებს ივანიშვილის რეჟიმს, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელიც მის უსაფრთხებას დაიცავს და არა მთავრობა, რომელიც თვითონ არის საფრთხე ამ უსაფრთხოების" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები