თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ბოკერია ალასანიას განცხადებაზე: ეს არის ივანიშვილის რეჟიმის უმძიმესი კრიზისი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ორი წელია, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის და დადგა იმ გზაზე, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას და დემოკრატიას". ბოკერიამ თავდაცვის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი შეაფასა, სადაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

"დღეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ამ მთავრობის წევრი, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პირდაპირი საფრთხე ექმნება ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს ინტეგრაციას და ის დევნა, რომელიც მიმდინარეობს, არის სწორედ ამ მიზნით ნაკარნახევი. ეს არის უმძიმესი კრიზისი ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს, როდესაც მთავრობა ოლიგარქის დაკვეთით, შიდაპოლიტიკური ინტრიგების გამო, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას, უსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ კურსს" - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზეც წაუყენა ბრალი, იქამდე კი, უწყების ხუთი მაღალჩინოსანი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ასევე, მოწმის სახით დაკითხა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "პროკურატურის ამ ნაბიჯებში აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული". როგორც ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

კომენტარები