თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალექსი ბატიაშვილი დაკითხვაზე იმყოფება

cp.ge

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს საქართველოს მთავარი პროკურატურა კითხავს. ბატიაშვილი საგამოძიებო უწყებაში უკვე მივიდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაკითხვაზე შესვლამდე, სილქნეტის ფინანსურ დირექტორთან ნათესაური კავშირი დაადასტურა, თუმცა, ბატიაშვილის თქმით, ტენდერის დროს ბაჩო ჩინჩალაძესთან შეხება არ ჰქონია. 

"მოწმის სახით ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, შეკითხვები აქვს პროკურატურას. მზად ვარ, შეკითხვებს გავცე პასუხი", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, კომპანია სილქნეტს და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ალექსი ბატიაშვილი აწერს ხელს. საგამოძებო უწყება ბატიაშვილისა და სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზეც ამახვილებს ყურადღებას. სილქნეტში კი განმარტავენ, რომ ჩინჩალაძე კომპანიაში 2012 წლიდან მუშაობს, ბატიაშვილი კი ალასანიას მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა.

დღესვე უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების სარჩელს. ადვოკატები დაკავებულთათვის წინასაწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არის. ადვოკატები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ და ამბობენ, რომ დაცვის ნორმალურად განხორციელების საშუალება არ ეძლევათ, რადგან არ აქვთ უფლება გამოიკვლიონ საქმეში არსებული საიდუმლო მტკიცებულებები.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები