თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს 14:00-ზე დაკითხავენ

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს მოწმის სტატუსით დაკითხავენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. ალექსი ბატიაშვილი პროკურატურაში 2 საათზე უნდა მივიდეს. პროკურატურის ცნობით,  თავდაცვის უწყებასა და კომპანია სილქნეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ბატიაშვილი აწერს ხელს. საგამოძებო უწყება ბატიაშვილისა და სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, სილქნეტში განმარტავენ, რომ ჩინჩალაძე კომპანიაში 2012 წლიდან მუშაობს, ბატიაშვილი კი ალასანიას მოადგილედ 2013  წელს  დაინიშნა.

დღესვე უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების სარჩელს. ადვოკატები დაკავებულთათვის წინასაწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არის. ადვოკატები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ და ამბობენ, რომ დაცვის ნორმალურად განხორციელების საშუალება არ ეძლევათ, რადგან არ აქვთ უფლება გამოიკვლიონ საქმეში არსებული საიდუმლო მტკიცებულებები.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები