კრიზისი უკრაინაში

დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების ე.წ არჩევნები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ უკრაინის ორ თვითგამოცხადებულ - დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, პრორუსი სეპარატისტები ე.წ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ატარებენ. 

უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ისინი არ აღიარებენ დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები არღვევს რუსეთთან შეთანხმებას და დეკემბერში ამ ადგილებში, უკრაინის კანონმდებლობის დაცვით ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

რუსეთი კი, თავის მხრივ, არჩევნების აღიარებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, ევროკავშირი მზადაა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს.

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მთავრობები ამბობენ, რომ არჩევნები ლოგიკური გაგრძელებაა მაისში ჩატარებული ადგილობრივი რეფერენდუმების, რა დროსაც, მათი თქმით, უკრაინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმები საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

სეპარატისტების განცხადებით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, არ აქვთ ვალდებულება უკრაინის კანონმდებლობას დაექვემდებარონ. მათ წელს ჩატარებულ უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ორივე არაღიარებულმა რესპუბლიკამ საარჩევნო კანონი სექტემბერში შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი და პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა.

საპრეზიდენტო კანდიდატები რესპუბლიკაში მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ, ხოლო პარლამენტის წევრები - 5.

დონეცკში, მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ალექსანდრ ზახარჩენკოა, ხოლო ლუგანსკში - იგორ პლოტნიცკი.

კომენტარები