სულხან მოლაშვილის საქმე

ECHR: მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ

www.echr.coe.int

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ 2014 წლის 11 მარტით დათარიღებული წერილის საფუძველზე მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რომლის დაფარვაც სამი თვის ვადაში უნდა მოხდეს. 

აღნიშნულ წერილში საქართველოს მთავრობა აღიარებს დარღვევებს სულხან მოლაშვილის საქმეში კონვენციის მე-3, მე-5, მე-6 და მე-14 მუხლების ფარგლებში რაც გულისხმობს შესაბამისად არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან თავისუფლებას, თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიან სასამართლო უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

ამავე წერილის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება იღებს ვალდებულებას ეფექტურად გამოიძიოს სულხან მოლაშვილის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად. ასევე, მთავრობა აღიარებს მოლაშვილის უფლებას მისი სურვილის შემთხვევაში განაახლოს სისხლის სამართლის საქმისწარმოება.

"სასამართლო ითვალისწინებს ამ მეგობრული მორიგების პირობებს, ასევე დიდ მნიშნველობას ანიჭებს  სახელმწიფოს მიერ განმცხადებლის უფლების აღიარებას, მოითხოვოს საქმის ხელახალი მოსმენა სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 301-ე(ე) მუხლზე დაყრდნობით. სასამართლო ასევე ითვალიწინებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას ჩაატაროს 2004 წლის 22-23 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის ეფექტური გამოძიება... სასამართლო შეახსენებს განმცხადებელს, რომ მეგობრული მორიგების პირობების აღსრულების ზედამხედველობა მინისტრთა კაბინეტის პრეროგატივაა ( კონვენციის 39-ე მუხლის 4-ე პარაგრაფი). სასამართლო კმაყოფილია, რომ საკითხის გადაწყვეტა ეფუძნება ადამიანის უფლებების პატივისცემას, როგორც ეს კონვენციითა და პროტოკოლებით არის გათვალისწინებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს განაცხადის შემდგომი შესწავლის მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის სიიდან ამოღებას. ამ მიზეზით, კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ საქმე ამოიღოს სასამართლო საქმეთა ჩამონათვალიდან" - ვკითხულობთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლის სულხან მოლაშვილი იკავებდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს. სასამართლომ მოლაშვილი დამნაშავედ სცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით, რის გამოც მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილის ინფორმაციით, 22- დან 23 აპრილის ღამეს სამმა-ოთხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ის საკანში აწამეს. სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა. მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე მოლაშვილი 2008 წელს გაათავისუფლეს. 

კომენტარები