ფარული მიყურადება

პრემიერი მოსმენებზე: რასაც არასამთავრობოები გვთავაზობენ, საფრთხის შემცველია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორებისთვის და სასამართლოსთვის გადაცემას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ გასაღები მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს გადაეცემა, სისტემა იქნება პარალიზებული და ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

"ჩემთვის გაუგებარია ის მიდგომა, რომელიც მომდინარეობს არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ჩვენი გუნდის წევრებიდან. ის, რაც ბატონმა შალვა შავგულიძემ დააფიქსირა, არის აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ იქნა შემუშავებული საბოლოო ვერსია, ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გასაღების მართვა. თუმცა, ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე როგორც ვიცი, გაზიარებულ იქნა პარლამენტშიც, რომ ეს დარჩება შსს-ს ხელში. ვერსია, რომელსაც გვთავაზობენ არასამთავრობოები და ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკების და საფრთხის შემცველი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ საფრთხეს შეიცავს გასაღების უცხოური კომპანიებისთვის გადაცემა. რაც შეეხება სასამართლოს, ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალდამცველ ორგანოებს სასამართლოსთან ურთიერთობა გართულებული აქვთ.

"მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის, უცხოური კომპანიების მფლობელობაში. არცერთ ქვეყანაში, იქნება ეს ევროპული ქვეყანა თუ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც აქვთ სახელმწიფოს შეგრძნება და სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი იმ შემთხვევაში შეიძლება, მართავდეს ამ მექანიზმს, თუ იქ არის დაცული მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემები. ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის და სახელმწიფო ვერ ანდობს თავის უსაფრთხოებას, უშიშროებას, საიდუმლოებას და მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ საკმაოდ გართულებული აქვთ სამართალდამცველ ორგანოებს სასამართლოსთან ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები სასამართლოდან, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივ და მყარად დასაბუთებულ შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებს ნებართვის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სისტემა იქნება პარალიზებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ვარიანტი კონტროლის მექანიზმის შექმნას გულისხმობს და ასეა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნაში. პრემიერს მაგალითად ისრაელი მოჰყავს.

"პერსონალური დაცვის ინსპექტორს, ქალბატონ თამარ ქალდანს მიენიჭებოდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა კონტროლი, მონიტორინგი. გაეკონტროლებინა შსს, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს. ეს არის აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომა. აიღეთ ნებისმიერი განვითარებული და ძლიერი ქვეყნების მაგალითი - ისრაელი და ევროპული სახელმწიფოები. როცა ამბობენ არასამთავრობოები, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში აღარ არის, ეს არის ტყუილი", - განაცხადა პრემიერმა.
 

ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ "ნაუცბადევად" მიიღონ კანონი და გასაღები გადაეცეს სასამართლოს და მობილურ კომპანიებს, არის საბოტაჟი და პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ღარიბაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

პრემიერმინისტრმა მოსმენების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას შეადარა. მისი თქმით, კოტე კუბლაშვილმა უთხრა, რომ სასამართლო ამისთვის მზად არ იყო. ღარიბაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საუბარი ჰქონდა პავლე კუბლაშვილთანაც, რადგან კანონპროექტი ნაციონალური მოძრაობის ინიცირებული იყო და დეპუტატმა უთხრა, რომ ოპოზიციის საქმეა, ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნას და ხელისუფლებამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

კომენტარები