თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ფანჯიკიძე: ალასანია არცერთ შემთხვევაში არ გადადგება და არც უნდა გადადგეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი არცერთ შემთხვევაში არ გადადგება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფანჯიკიძემ თქვა, ირაკლი ალასანია არც უნდა გადადგეს, რადგან ის წარმატებული მინისტრია.

"ირაკლი ალასანია არცერთ შემთხვევაში არ გადადგება. იგი არც უნდა გადადგეს, რადგან ძალიან წარმატებული მინისტრია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 28 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია სილქნეტი კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. ბრალდებულებმა ბაზრის კვლევისა და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მიღებისთვის ყველაზე დაბალი ფასის განსაზღვრისთვის დოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადეს. მათ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის მოწვევა სილქნეტთან ერთად კიდევ 9 კომპანიას გაუგზავნეს. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა სილქნეტი პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს, და საბოლოოდ საიდუმლო შესყიდვაში სილქნეტმა გაიმარჯვა. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. კითხვაზე, არსებობს თუ არა პარალელი ტრაქტორებისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალინოსნების საქმეს შორის და შეიძლება თუ არა დადგეს ალასანიას გადადგომის საკითხი, პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა და საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ტრაქტორების საქმეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშომლების დაკავების შემდეგ მინისტრი დავით კირვალიძე გადადგა.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და ტრაქტორების საქმის მსგავსებაზე საუბრობს დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია. მისი თქმით, ტრაქტორების საქმეზე დაკავებულების ინტერესებსაც თავად იცავდა და ეს საქმეები ერთმანეთს ბუნებითა და მტკიცებულებებით ძალიან ჰგავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო  შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის 8 პირი 2.5 მილიონი ლარის გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით 2013 წლის 1 მაისს დააკავეს. საუბარი იყო თანხის გაფლანგვაზე ტრაქტორებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო აგრეგატის შეძენის დროს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ ფაქტის გამო მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ მან უფლებამოსილების დროებით შეჩერება ითხოვა მანამ, სანამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეოდა. მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი დიდი სურვილი და ოცნება იყო, რომ კირვალიძე და მისი თანამშრომლები გამართლებულიყვნენ. მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი სასამართლოდან გაითხოვა. გაჩნდა მოსაზრება, რომ დავით კირვალიძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, მინისტრის პოსტზე დაბრუნდებოდა, თუმცა კირვალიძე თანამდებობაზე არ დაბრუნებულა.

კომენტარები