თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სილქნეტი: ჩვენი ქმედებები შესაბამისობაში იყო სამართლებრივ ნორმებთან

კომპანია სილქნეტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, "ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან". სილქნეტი აღნიშნავს, რომ დღეისათვის კომპანია მუშაობს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად. ცნობისთვის, მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება.

"2013 წლის შემოდგომაზე სს სილქნეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე. სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება საუკეთესოდ ჩათვალა თავდაცვის სამინისტრომ და სილქნეტი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა სილქნეტის მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი. შეგვიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას", - ნათქვამია სილქნეტის განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დღეს დააკავა. საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დააკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". უწყება გაფლანგვის ბრალდებით მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შესყიდვების სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ამასთან, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ სახელმწიფო შესყიდვას გრიფი საიდუმლო მოეხსნას.

კომენტარები