თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის სამინისტრო: შესყიდვები კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". უწყება გაფლანგვის ბრალდებით მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შესყიდვების სისტემის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ამასთან, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ სახელმწიფო შესყიდვას გრიფი საიდუმლო მოეხსნას.

"სატენდერო კომისიის  სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს  სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს. გასული წლებისგან  განსხვავებით ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის  შემცირებული და წელს საერთო შესყიდვების 16%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2012 წელს შესყიდვების 74% საიდუმლო წესით ხორციელდებოდა. საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს  უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება,  ხორციელდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დააკავა. საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დააკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.

კომენტარები