პრემიერის გამოსვლა

ნადირაშვილი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად არაადეკვატურია ეს მთავრობა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, პრემიერის დღევანდელი ანგარიშის შემდეგ, "კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად არაადეკვატურია ეს მთავრობა და პირადად ღარიბაშვილი". როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, "პრემიერი მოგვიყვა საქართველოზე, სადაც ადამიანებზე ზრუნავენ, სინამდვილეში, ისინი ზრუნავენ მხოლოდ თავიანთ ნათესავებზე". დეპუტატის თქმით, "ღარიბაშვილის საქართველოში გვითხრეს, რომ  სამუშაო ადგილები გაიზარდა, სინამდვილეში, ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა. პენსიას 1 ლარიც არ დამატებია რეალურად. 300 მილიონით გაზარდეს საკუთარი ხელფასები და პენსიები და ავიაკომპანიებში ბილეთებს კი არ ყიდულობენ, უკვე ოთახებს ქირაობენ პრემიერი და მისი მეუღლე".

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი შეაჯამა და ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვანი დრო "წინა მთავრობის მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზე" საუბარს დაუთმო და "ახალი მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები" ჩამოთვალა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია, რომ ახალი მავთულხლართებია გაბმული. პრემიერის თქმით, მათი მთავრობის ბევრს მიღწევას ტელევიზორში არ აჩვენებენ, რადგან არ უხარიათ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი და შემცირდა სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ და თავისუფლებამ მოიტანა. ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონებში ამბულატორიების მშენებლობაზე და დემოგრაფიულ პრობლემებზე.

კომენტარები