პრემიერის გამოსვლა

ფანჯიკიძე: ბევრი მიღწევა მე თვითონ არ ვიცოდი და გაოცებული, ამაყი დავრჩი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ პრემიერმინისტრის ანგარიშს შთამბეჭდავს უწოდებს. როგორც ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიღწევებით ამაყობს. 

"მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა, რომელიც დღეს მოვისმინე. იყო ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე თვითონ არ ვიცოდი და მე თვითონ დავრჩი გაოცებული და ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც საქართველოს მთავრობას ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო კონკრეტულ ფაქტებზე აგებული სიტყვა და მასში არაფერი არ იყო ზოგადი - პრემიერმა ისაუბრა კონკრეტულ მიღწევებსა და კონკრეტულ გეგმებზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი შეაჯამა და ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვანი დრო "წინა მთავრობის მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზე" საუბარს დაუთმო და "ახალი მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები" ჩამოთვალა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია, რომ ახალი მავთულხლართებია გაბმული. პრემიერის თქმით, მათი მთავრობის ბევრს მიღწევას ტელევიზორში არ აჩვენებენ, რადგან არ უხარიათ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი და შემცირდა სიკვდილიანობა, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ და თავისუფლებამ მოიტანა. ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონებში ამბულატორიების მშენებლობაზე და დემოგრაფიულ პრობლემებზე.

განათლების სფეროს შეფასებისას პრემიერმა უფასო საბაკალავრო პროგრამებზე, სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე და სკოლების მშენებლობაზე ისაუბრა. პრემიერმა ასევე ისაუბრა თავისუფალ  ბიზნესგარემოზე და სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ განხორციელებულ ცვლილებებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა.

კომენტარები