ბიზნესის წართმევა

ბიძინა ივანიშვილის ქვისლი პრემიერს და შსს-ს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

კომპანია სერვის ცენტრი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. ბიძინა ივანიშვილის ქვისლი, კომპანიის დირექტორი გია ბერაძე "ბიზნესის წართმევის კლასიკურ სქემაზე" საუბრობს, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობდნენ მოქმედი პრემიერმინისტრის ნდობით აღჭურვილი პირები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.

საქმე ეხება ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს სერვის ცენტრს შორის 2011 წლის 15 მარტს გაფორმდა და რომელიც თბილისის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანას, შენახვასა და დაცვის მომსახურების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შსს-მ დაასახელა ამავე ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევა, რასაც სერვის ცენტრი კატეგორიულად უარყოფს.

"ხელშეკრულების ზემოაღნიშნული საფუძვლით შეწყვეტა მიგვაჩნია არასწორად და კანონშეუსაბამოდ. დავიწყოთ იმით, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება ჩვენს კომპანიას გააჩნდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე და ამ პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევდა ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტას. ხსენებული დროიდან კი გასულია 2 წელი და 5 თვე, რა დროშიც ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის დარღვევას, რომელსაც შსს გვედავება, ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დადგენილ ვადაში შეწყდებოდა და ამავე დროს შემდეგში მისი მოქმედების ვადა არ გაგრძელდებოდა", - ამბობს გია ბერაძე.

ბერაძის თქმით, ასევე უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა მოტივებიც, "რეალურად სერვის ცენტრი ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას და მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა".

როგორც გია ბერაძე ამბობს, ეს არის ბიზნესის წართმევა, ვინაიდან სერვის ცენტრთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შსს-მ და მთავრობამ 112-ის დებულებაში შეიტანა ცვლილებები და სსიპ 112-ს მიეცა იგივე მომსახურების უფლება, რასაც კომპანია სერვის ცენტრი ახორციელებდა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც ამჟამად მასთან თანამშრომლობს.

შპს სერვის ცენტრი მიმართავს პროკურატურას, სასამართლოს, დიპლომატიურ კორპუსს და მოითხოვს საკითხის სამართლებრივ შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

შენიშვნა: სტატია გავრცელებულ პრესრელიზს ეყრდნობა, რომელიც პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ გუშინ სააგენტო პირველმა პრესკონფერენციის ანონსი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბერაძეს უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შპს სერვის-ცენტრზე მომხდარ ზეწოლაზე, "ბიზნესის წართმევის კლასიკურ სქემაზე" უნდა ესაუბრა. თუმცა, როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ბერაძე ხელს პირდაპირ ვერ ადებს პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და  ზეწოლაში საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ცინარაძეს და მის მოადგილეებს ამხელს. მან გავრცელებულ ანონსზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ გავრცელდა მსგავსი შინაარსის ტექსტი, რაზეც საინფორმაციო სააგენტო პირველმა განცხადება გაავრცელა. სააგენტოს მტკიცებით, ანონსის ტექსტი, ზუსტად იმ სახით, როგორც იყო გავრცელებული, შეთანხმებული იყო გია ბერაძის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ პრესკონფერენციაზე საუბარი სწორედ დაანონსებულ თემასთან დაკავშირებით უნდა წარმართულიყო.

კომენტარები