რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ჟენევის ფორმატის მომავალი

რუსეთის ფედერაციის მიერ საქარეთველოს წინააღმდეგ წარმოებული 23-წლიანი აგრესიისა (პერიოდულად, სამხედრო აგრესიის) და მისი ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ოკუპაციის საპირწონედ დღეს საქართველოს ჟენევის დისკუსიები აქვს, ფორმატი, რომელიც, 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული დიპლომატიის უკიდურესი ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული.

ამ წერილში მინიმუ 4 საკითხს გამოვყოფ, რატომაა ჟენევის დისკუსიები ღირებული საქართველოსთვის და რატომაა იგი რუსეთის ფედერაციის სამიზნე შექმნის დღიდან. ამასთან, დასაწყისშივე ვიტყვი: შეიძლება ჟენევის დისკუსიებს დღეს რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოაქვთ ქვემოთ მოცემული მე-3 და მე-4 საკითხების თვალსაზრისით, მაგრამ იგი გადამწყვეტი იქნება იმ მომენტისთვის, როდესაც საერთშორისო სანქციებით დასუსტებულ რუსეთს დასავლეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე მის მიერვე ინიცირებული კონფლიქტების მოგვარებაზე დაითანხმებს და საქართველოდან (ასევე მოლდოვიდან და უკრაინიდან) თავისი საოკუპაციო ძალების გაყვანას აიძულებს.

1. ფორმატი

ჟენევის დისკუსიები შეიქმნა ევროკავშრის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზედენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების პირობების დაცვის და/ან მიღწევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ჟენევის დისკუსიები იმართება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, აფხაზი და ოსი მონაწილეების თანდასწრებით და გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით. ჟენევის დისკუსიებს ესწრება შეერთებული შტატები.

რამდენადაც საქართველოს რუსეთთან ამ 23-წლიან კონფლიქტში (ათვლის წერტილია 1991 წელი, როდესაც კონფლიქტის პირველი კერა რუსეთმა ცხინვალის რეგიონში გახსნა) ზურგს საერთაშორისო სამართალი უმაგრებს,  საერთაშორისო წესრიგის უზრუნველმყოფი ორგანიზაციების – გაეროსა და ეუთოსა, აგრეთვე, ევროკავშირის შუამავლობა და ასევე დისკუსიებში შეერთებული შტატების მონაწილეობა საქართველოსათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. შედარებისათვის: ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტული ომის გაჩაღების შემდეგაც კი, რუსეთმა შეძლო, არ გაბმულიყო ასეთი მრავალმხრივი ფორმატის “ბადეში”.

შესაბამისად, რუსეთს არ უნდა ფორმატი, რომელშიც მას ქართულ მხარესთან  დიალოგი ამერიკელების და ევროპელების თანდასწრებით უხდება. უნდა გვესმოდეს: ჟენევის ფორმატი თუ დაიკარგება, მსგავსი მრავალმხრივი ფორმატის ხელახლა მიღწევა, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება.

2. მონაწილეები

იმისათვის, რომ გამორიცხულიყო აღქმაც კი იმისა, რომ სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმებმა რაიმე აღიარებას მიაღწიეს რუსეთის 2008 წლის სამხედრო კამპანიის შედეგად, ჟენევის დისკუსიებში მონაწილეები წარმოადგენენ არა დელეგაციებს, მხარეებს და ა.შ., არამედ ისინი დისკუსიებში მონაწილეობენ როგორც ინდივიდუალური პიროვნებები.

ჟენევის ფორმატი თუ დაიკარგება, საქართველო აღმოჩნდება შემდეგი რეალობის პირისპირ: იგი ელაპარაკება რუსეთს კარასინ-აბაშიძის ფორმატში, მაგრამ არ ელაპარაკება აფხაზებს და ოსებს. შესაბამისად, საქართველო აღმოჩნდება არა მხოლოდ რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატში აფხაზები და ოსები ჩაერთონ, არამედ თვით მეგობარი ქვეყნებისგანაც კი შეიძლება მივიღოთ რჩევა, რომ რაღაც ფორმატში აფხაზებთან და ოსებთან საუბარი აუცილებელია. პრობლემაც აქ ჩნდება: რა სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას სოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები კარასინი-აბაშიძს ან ნებისმიერ სხვა ფორმატში?

გარდა ამ მარიონეტული რეჟიმების “აღიარებისა” ან აღიარების აღქმისა, რაც შეიძლება ჟენევის ფორმატის ჩამნაცვლებელ ნებისმიერ სხვა ფორმატს შეიძლება მოჰყვეს, რუსეთს მიეცემა საშუალება, დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ პარადიგმას: რომ ის, რაც აფხაზეთსა და ცხივნალის რეგიონში ხდება, არის არა რუსულ-ქართული კონფლიქტი (მხოლობით რიცხვში!), არამედ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტები (მრავლობით რიცხვში!).

შეგახსენებთ: 2008 წლის ომის შემდეგ შევძელით ძველი პარადიგმის ახლით შეცვლა. მანამდე, 1993 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, იგი ახერხებდა, საერთშორისო არენაზე წარმსდგარიყო, როგორც შუამავალი ამ ვითომდა ეთნოკონფლიქტებში.

3. იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში

ჟენევის დისკუსიების მე-2 სამუშაო ჯგუფის ძირითადი ამოცანა სწორედ ამ საკითხზე მუშაობაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმების შეიარაღებული ფორმირებების მიერ გამხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა და 1993 წლამდე არსებული დემოგრაფიული სურათის აღდგენა არ შედის კრემლის სტრატეგიულ ინტერესებში. და პირიქით, ქართული მხარისთვის ეს საკითხი არსებითია.

როგორც 2014 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის 8-ში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, 2014 წლის ივნისში ჟენევის დისკუსიების 28-ე რაუნდის ჩაშლის მიზეზი სწორედ რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ მე-2 სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგიდან ამ საკითხის ამოღების მოთხოვნა გახდა.

ის ფაქტი, რომ რუსი, აფხაზი და ოსი მონაწილეები მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ 29-ე რაუნდზე 2014 წლის სექტემბერში, აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: ხომ არ მოხდა კომპრომისი საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით?

4. უსაფრთხოების საერთშორისო მექანიზმები

იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში ვერ მოხდება, თუკი მათი დაბრუნების პროცესის დაწყებამდე დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ჩამოყალიბდა უსაფრთხოების საერთშორისო მექანიზმები, რაც დაბრუნებულ ადამიანებს განმეორებითი ძალადობისგან დაიცავს.

სამწუხაროდ, საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა მხარეების – რუსეთისა და საქართველოს – მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხზე (საქართველომ იგი 2011 წელს აიღო, რუსეთი ამას დღემდე არ აკეთებს), მაგრამ, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე, რაც იყო და უნდა რჩებოდეს ჟენევის დისკუსიების 1-ლი სამუშაო ჯგუფის წამყვან საკითხად. აქაც ისევ ისმება ლეგიტიმური კითხვა: ამ საკითხზე მიდის დისკუსია ჟენევაში?

მოდით შევაჯამოთ: ჟენევის ფორმატის დაკარგვა გვიქადის, რომ ზემოაღნიშნულ 1-2 საკითხზე პოზიციებს დავკარგავთ, ხოლო 3-4 საკითხი, საქართველოს ხელისუფლების მცდარი, გაუაზრებელი და არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო, შესაძლოა, უკვე დაკარგულიც კი გვაქვს.

ვიდრე ვიტყოდე, რა ვქნათ, მანამდე კიდევ ორი საკითხი უნდა განვიხლოთ: 1. როგორ იქცევა რუსეთი ტაქტიკურად თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად; და 2. რატომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო 2-წლიანი პოლიტიკის მცდარი, გაუაზრებელი და არაკომპეტენტური იყო.

რუსეთის ტაქტიკა

აქ მოვიყვან ვრცელ ციტატას ჩემი წერილიდან “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება – რის ფასად?”, რომელიც 2013 წლის თებერვალში დავწერე:

“რუსეთის მოქმედების ლოგიკის გასაგებად კი უნდა გავიხსენოთ, რას  წერს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ თავის ანგარიშში: “პრევენციული დიპლომატია და კონფლიქტის საერთაშორისო მენეჯმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა 2008 წლის კონფლიქტში, ნაწილობრივ იმის გამო, რასაც მე ვუწოდებდი მანამდე განხილული და შეთანხმებული საერთო პარამეტრებისთანდათანობით ეროზიას, აგრეთვე, საერთაშორისო ვალდებულებების მზარდ უპატივცემულობას.” (ხაზგასმა ჩემია – ზ.ჭ.)

უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთი ასე მოქმედებს: იგი ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; მერე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს “ახალ რეალობას” (რუსი დიპლომატების საყვარელი ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომი დისკუსიებისას) და ელოდება მომენტს ახალი შეტევისთვის; ახორციელებს შეტევას და იკავებს პოზიციას; და ა.შ.

საკმარისია, გადავხედოთ 1992-93 წელს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო კამპანიის წარმოებისას წარმოებული მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმებების ლოგიკას, ეს იმწუთასვე ნათელი ხდება. ყოველ ახალ შეთანხმებას ცეცხლის შეტევის შესახებ მოსდევდა რუსი სამხედროების, ჩრდილოკავკასიელი და აფხაზი ბოევიკების მიერ ახალი შეტევის ორგანიზება და ახალი პოზიციების დაკავება. სწორედ ასევე მოქმედებს რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობებში, თუკი მას ეს გაუდის. მას კი ეს გაუდის იქ, სადაც არაა უზრუნველყოფილი დასავლეთის ჩართულობა.”

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სიმცდარე

საკომიტეტო მოსმენაზე დავით ზალკალიანმა აღიარა, რომ რუსეთს და მის მარიონეტებს ჟენევის დისკუსიებში იმედი ჰქონდათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში მოსული ხელისუფლება “უფრო ლიბერალური იქნებოდა იმ წითელ ხაზებთან მიმართებაში, რომელიც  ჟენევის დისკუსიების ქართველ მონაწილეებს მანამდე ჰქონდათ”. (ეს წითელი ხაზები სწორედ წერილის დასაწყისში ჩამოთვლილი 4 საკითხია – ზ.ჭ.).

ჩვენი პრობლემის სათავეც სწორედ ესაა, რომ რუსეთს ასეთი მოლოდინი ჰქონდა. და ეს მოლოდინი ჰქონდა არა მხოლოდ კრემლს, არამედ სხვებსაც, რადგან არათუ ოპოზიციაში ყოფნისას, დღემდე “ქართული ოცნების” ზიგოერთი წარმომადგენელი (მაგალითად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე) იმეორებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო შემდეგ რუსულ მესიჯებს, კერძოდ:

  • საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია რუსეთმა 2008 წელს მოახდინა და არა 1991-93 წლებში
  • რომ 2008 წლის ომი დაიწყო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ანუ საქართველომ. ამ მესიჯის შერბილებული ფორმაა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახდინა რუსეთის პროვოცირება; ხოლო უფრო შერბილებული: რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ აიცილა თავიდან რუსეთის აგრესია. (ყველა ეს ფრაზა, მისი ტონალობის მიუხედავად, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედია – ზ.ჭ.)

ზემოხესენებულ წერილში ასევე ვწერდი:

“კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადებით, ქართულ-რუსული ურთიერთობებში ნორმალიზება მოხდება და დაძაბულობა მოიხსნება, თუკი (ა) დავიწყებთ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, საუბარს; და (ბ) საქართველოს დეოკუპაციის საკითხი აღარ იდგება რუსულ-ამერიკული და რუსულ-ევროპული ურთიერთობების დღის წესრიგში.

ეს ორივე ასპექტი – საუბარი შუამავლების ანუ დასავლელი პარტნიორების გარეშე და საქართველოს დეოკუპაციის საკითხის მოხსნა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან – რუსეთისთვის არსებითია და ერთმანეთთან კავშირშია, რადგან ამიერიდან რუსეთი დასავლეთს ყოველთვის ეტყვის, რომ საქართველოსთან ის უშუალოდ ლაპარაკობს; საქართველო დასავლეთს აღარ სთხოვს დახმარებას დეოკუპაციის საქმეში; დასავლეთი იძულებული გახდება, უარი თქვას საქართველოს თემის აქტუალიზაციაზე რუსეთთან დიალოგში; მოხდება საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია; რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოს თავისი პირობები უკარნახოს.”

დღეს სწორედ ამ მდგომარეობამდე მივედით.

რა ვქნათ?

გადამწყვეტი სიტყვა ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს საერთსორისო პარტნიორებს, ანუ ჟენევის დისკუსიების შუამავლებს ეკუთვნით. აქვს ჩატარებული სათანადო მუშაობა საქართველოს საგარეო უწყებას? ჩვენ იმდენჯერ ვნახეთ მინისტრ ფანჯიკიძის არაკომპეტენტურობა, რომ ძნელი დასაჯერებელია, ამ ურთულეს პროცესს იგი ადექვატურად გაუძღვეს. სულ რომ ტალეირანი ედგას ამ უწყებას სათავეში, ვერაფერს გახდებოდა, თუ რუსი ოლიგარქის ხელის ბიჭი, ახლა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰქვია, უბრალოდ, ბოდვას და საქართელოს ეროვნული ინეტერსებისასთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას არ შეწყვეტს.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია:

  • ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან მუშაობა, რომ თუ რუსეთი ჟენევის ფორმატის ობსტრუქციას ახდენს, ეს ღიად და ცხადად რუსეთის ფედერაციას დაბრალდეს;
  • თუ ჟენევის დისკუსიები შეწყდა, შეწყდეს კარასინი-აბაშიძის დიალოგიც. მისი დარჩენის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ რუსეთმა სწორედ ამ დიალოგის გაფართოება მოახერხოს მისთვის სასურველი პირობებით.

და ბოლოს. ძალიან ბენიერი ვიქნები, თუ 2013 წლის თებერვლის წერილისგან განსხვავებით, ამჯერად მაინც, ჩემი ცუდი წინათგრძნობები არ გამართლდება და ჟენევის ფორმატს შევინარჩუნებთ. ოღონდ აქაც ერთი პირობით: იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებისა და უსაფრთხოების საერთშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები ჟენევის დისკუსიების ძირითად საკითხებად დარჩება.

ბიძინა ივანიშვილს ჟენევის დისკუსიები სწორედ ამგვარი მდგომარეობით გადავაბარეთ.

კომენტარები