კრიზისი უკრაინაში

უკრაინამ, ევროკავშირმა და რუსეთმა გაზის მიწოდების პირობები შეათანხმეს

უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას უკრაინისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, გაზის ფასი ათას კუბურ მეტრში 385 დოლარით განისაზღვრება. უკრაინამ კი დაგროვილი დავალიანება მილიარდ 400 მილიონი დოლარის ოდენობით, ასევე მისაღები გაზის ავანსი უნდა გადაიხადოს. უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანას ევროკავშირის დახმარების იმედი აქვს. რუსეთმა კი უარყო ევროკომისრის წინადადება, რომელიც უკრაინისთვის გაზის შესყიდვას ევროპული საშუამავლო კომპანიის მეშვეობით ითვალისწინებდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ ირღვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტზე ორი შეტევა მოიგერიეს. უკრაინული წყაროების ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. მათი რესურსების შესავსებად რუსეთიდან სამხედროების, შეიარაღებისა და ტექნიკის გადმოსროლა მიმდინარეობს. კიევმა უარყო ჰიუმან რაითს უოთჩის ბრალდება კასეტური ჭურვების გამოყენების თაობაზე. მათი გამოყენება სამთავრობო ძალების მიერ ეუთოს დამკვირვებლებმაც არ დაადასტურეს.

კომენტარები