საერთო სამხედრო დაჯგუფება

პრემიერი: ბრალდებულ სააკაშვილისგან ჭკუის სწავლებას ვერ მივიღებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

"აფხაზეთი იყო და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგრისობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება ბრალდებულისგან ჭკუის სწავლებას ვერ მიიღებს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრემიერი ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენებით უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს და თითოეულ ქართველს. ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება აფხაზი ერის მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

საქართველოს პრემიერის თქმით, "მინდა, ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ არცერთ სიტყვას იმ ადამიანისგან, რომელიც არის ბრალდებული უამრავ დანაშაულში. ადამიანისგან, რომლის რეჟიმის პირობებში ხდებოდა სისტემურად ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობა დაირღვა". ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველომ სწორედ სააკაშვილის დროს დაკარგა კოდორი, სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად მოხდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება. სწორედ მისი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "დღეს გამოდის და ჩვენ ჭკუას გვასწავლის ადამიანი, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ ციხეებში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება და მკვლელობები, რომლის დროსაც ბიზნესი არ იყო თავისუფალი, ადამიანი თავისუფლად ვერ სუნთქავდა. დღეს ეს ადამიანი გამოდის და გვასწავლის, რომ სიტყვა, რომელიც გამოვიყენეთ, როგორც ე.წ. და ბრჭყალებში ჩასმული მნიშვნელობით, საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას. არცერთ შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ხალხსა და ქვეყანაზე". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ "მთავრობა გონივრული პოლიტიკის მეშვეობით ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დადგეს ფეხზე, იყოს ძლიერი და გამთლიანებული".

კომენტარები