"საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ილიაუნიში მომხდარი მკვლელობის კომენტირებისას განუცხადა. ომბუდსმენის თქმით, "ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, როდესაც საუბარია ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის ადეკვატური".
"სამართალდამცავი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად მსგავს შეტყობინებებზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დამოკიდებულება შეიცვალოს. საგანგაშოა, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ხდება მსგავსი დანაშაული და, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, არ არსებობს. საჭიროა არა ერთჯერადი გამოძიება კონკრეტული ფაქტის, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გამკაცრება და პოლიციელებთან მუშაობა.
"რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის შეიძლება იყოს კანონმდებლობის გამკაცრება, უშუალოდ პოლიციელებთან უფრო მეტი მუშაობა, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოახდინონ რეაგირება ძალადობის შემთხვევებზე. ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებაზეცაა საუბარი, მესიჯი უნდა იყოს თითოეული პოლიციელებისადმი, რომ მათ მოახდინონ რეაგირება მსგავს შეტყობინებებზე დროულად", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. მაკა წივწივაძე, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი იყო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს უნივერსიტეტში მიაკითხა, ლექციიდან გამოიყვანა და დერეფანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სტუდენტების თქმით, მაკა წივწივაძეს ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, რის გამოც მას აეროზოლი ჰქონდა თან.





