კრიმინალური ავტორიტეტები

ენმ: რუსეთიდან დეპორტირებულმა კანონიერმა ქურდმა საქართველო ორჯერ დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კრიმინალური ავტორიტეტების თანამშრომლობის კიდევ ერთ შემთხვევაზე" საუბრობს. ენმ-ის ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გიორგი ჯანელიძემ საქართველო ორჯერ - 2014 წლის 25 მარტს და 2014 წლის 14 ოქტომბერს დატოვა.

"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მოსკოვის ცენტრალურ ოლქში დააკავეს არაერთხელ ნასამართლევი, კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯანელიძე (მეტსახელად გოგი პიტერელი). რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით გიორგი ჯანელიძეს უნდა დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია, თუმცა მან დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, დარჩა მოსკოვში და 2014 წლის ოქტომბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი განათავსეს არალეგალური მიგრანტების ცენტრში და მოგვიანებით ტვერის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი რუსეთის ტერიტორიდან გაძევების შესახებ. გიორგი ჯანელიძე ერთხელ უკვე იყო დეპორტირებული რუსეთიდან 2014 წლის 24 მარტს, თუმცა 25 მარტს მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და ისევ რუსეთში აღმოჩნდა. ამჯერად მისი საზღვრის გადმოკვეთა დაფიქსირებული არ არის, თუმცა 2014 წლის 14 ოქტომბრის 16.46 საათზე მან ისევ დატოვა ქვეყანა", - აცხადებენ ენმ-ში. 

საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ "საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას".

"გიორგი ჯანელიძე ორჯერ "აკურთხეს" ქურდად. პირველად 1997 წელს (თუმცა მალევე ჩამორთვეს ეს "წოდება") და მეორედ - 2008 წელს ასლან ისოიანის (მეტსახელად დედ ხასანი) ინიციატივით", - აღნიშნავს ენმ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში და ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში ხელისუფლება რამდენჯერმე დაადანაშაულა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის, იგივე რემენას საქართველოში დეპორტაცის საკითხი. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. მაშინ კალაძემ ამ ბრალდებას აბსურდი და სიცრუე უწოდა. ენმ ასევე საუბრობდა მინდია გორაძის (მეტსახელად ლავას-ოღლი), ფრიდონ ბარკალაიას (მეტსახელად ცანციკა), ლექსო ლოგუას (მეტსახელად ლექსო გალელი), ავთანდილ ლუტიძის (მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ.

კომენტარები