კრიზისი უკრაინაში

აქტივისტებმა უკრაინის უმაღლეს რადას შეუტიეს

უკრაინის უმაღლეს რადასთან დღეს დილიდან შეტაკებები დაიწყო. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. მათ პოლიციას ხელკეტები დაუშინეს და ხმოვანი ყუმბარები ესროლეს. შენობის დაცვა გაძლიერებულია. საპროტესტო აქცია რადას შენობასთან ნაციონალისტებმა კიევის ქუჩებში მსვლელობის შემდეგ დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა საბჭოთა ხელისუფლებასთან მებრძოლი უკრაინის აჯანყებულთა არმიისთვის -  უპასთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლთა სტატუსის მინიჭებაა. აქციის ორგანიზატორმა პარტია სვობოდამ, ასევე მემარჯვენე სექტორმა განაცხადეს, რომ ძალისმიერ ქმედებებში არ მონაწილეობენ და რადასთან პროვოკატორები იმყოფებიან. საშიშროების გამო რადას სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოს სხდომა შეწყვიტა.

მანამდე უმაღლესმა რადამ ქვეყნის ახალი თავდაცვის მინისტრი დაამტკიცა. ამ პოსტზე ეროვნული გვარდიის სარდლის სტეპან პოლტორაკის დანიშვნას 245-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ პოლტორაკს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს და სამხედროებში ავტორიტეტით სარგებლობს.

"უკრაინას მშვიდობა სჭირდება. ამ მშვიდობის გარანტი შეიძლება გახდეს მხოლოდ კარგად მომზადებული. მობილური და კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები. ძალიან კარგად ვიცი, რისი გაკეთება არის აუცილებელი", - განაცხადა პოლტორაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გუშინ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური გვარდიის რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გამოვიდა. წვევამდელები აცხადებდნენ, რომ ჯარში სამსახურის ვადა უკვე ნახევარი წელია ამოეწურათ და დემობილიზაციას, ასევე კუთვნილი ხელფასების გაცემას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებთან ეროვნული გვარდიის სარდალი სტეპან პოლტორაკი მივიდა. მან ჯარისკაცებს ყაზარმებში დაბრუნება სთხოვა და ხელფასის გადახდას დაჰპირდა. სამხედროების აქციამ აგრესია გამოიწვია ადგილზე მისულ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს შორის, რომლებმაც მათ მოთხოვნებს ქვეყნის ღალატი უწოდეს. ეროვნული გვარდიის მოსამსახურეები გვიან საღამოს დაიშალნენ. 

სამხედროების საპროტესტო გამოსვლის ფაქტზე საქმე უკრაინის სამხედრო პროკურატურამ აღძრა.

კომენტარები