ინვესტიციები

კალაძე: ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული რეორგანიზაცია არ იგეგმება

საპარტნიორო ფონდი

"ჩვენ [მთავრობის წარმომადგენლებს] გუშინ გვქონდა მსჯელობა განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან და საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით ეკონომიკურ საბჭოზე. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის - საპარტნიორო ფონდის ბაზაზე", - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ტაბულას კითხვას საპარტნიორო ფონდის ნაცვლად განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ, პირიქით, შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, იმიტომ რომ ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველოში. ჩვენ უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტები იყოს განხორციელებული", - განმარტა კალაძემ. 

საპარტნიორო ფონდის ნაცვლად ჯერ საქართველოს განვითარების ბანკის, შემდეგ კი განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნა იგეგმებოდა. განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება 30 სექტემბერს გააკეთა. მინისტრის თქმით, კორპორაცია გერმანულ მოდელზე იქნებოდა აგებული და დაეფუძნებოდა არსებული საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კონცეფციას.  

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს, ფონდის რესტრუქტურიზაცია და მისი განვითრების საფინანსო კორპორაციად გადაკეთება არამიზანშეწონილად მიაჩნია. 

"საქართველოში, როდესაც გვაქვს ორმაგი დეფიციტი - ბიუჯეტის დეფიციტი და მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, რომელიც თავის მხრივ სავაჭრო დეფიციტით არის განპირობებული, სახელმწიფო ფონდისათვის რესურსების მოძიება სხვა წყაროებისგან, რომელიც საპარტნიორო ფონდს აქვს, და საბიუჯეტო წყაროებისგან განსხვავებით, არის რთული. რთულია მნიშვნელოვნად განსხვავებული მოდელის მოძებნა იმისაგან,, რაც სპარტნიორო ფონდს აქვს. გამომდინარე აქედან, მთავარია, როგორც მე არაერთგზის აღმინიშნავს, შენარჩუნებული იქნეს ის სინვესტიციო ვექტორი რაც საპარტნიორო ფონდს აქვს", - გამოთქვა საკუთარი მოსაზრება კოვზანაძემ. 

განვითარების საფინანსო კორპორაციის კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. განვითარების ბანკის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც უწყების ჩამოყალიბება ერთ-ერთ ინტერვიუში დააანონსა. 

კომენტარები