საგარეო ვაჭრობა

ქართული ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა

საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ექსპორტის შესახებ ახალი მონაცემები გაავრცელა. 2014 წლის პირველ 9 თვეში მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 42 მილიონი (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებს 62%-ით აღემატება. 

ქართული ღვინის ექსპორტის 65% პროცენტი რუსეთზე მოდის, აღნიშნული ბაზრის გახსნის შემდეგ რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტის უმსხვილესი ბაზარი გახდა. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი.

საექსპორტო ქვეყნების ათეულში მოხვდნენ: ჩინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა $137 მილიონი შეადგინა, რაც 64%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 8 მილიონი (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც ცხრა თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 4 მილიონი ბოთლი. მეორე ადგილს 3 მილიონი ბოთლით რუსეთი იკავებს.

ბრენდის ექსპორტმა $29 მილიონს მიაღწია, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები