ფეხბურთი

ნიუკასლის ნახევარმცველი: არასოდეს უარვყოფ ქართველობას

რამდენიმე თვის წინ რუსულმა იტარ-ტასმა მცირე წერილი გამოაქვეყნა, სადაც  ინგლისურ ნიუკასლ იუნაიტედში მოთამაშე ახალგაზრდა „რუს ფეხბურთელზე“ იყო საუბარი. რა გასაკვირია, რომ გივი თოდუათი ასეთი სახელისა და გვარის მქონე ფეხბურთელით მაშინვე დავინტერესდი. 19 წლის ნახევარმცველის შესახებ საქართველოში ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ვერც მოვიძიებდი. გივის ინგლისში, სანდერლენდში დავუკავშირდი და ინტერვიუზე მაშინვე სიამოვნებით დამთანხმდა.

რუსულად არც ისე კარგად, ბრიტანული აქცენტით საუბრობს, ინგლისური კი ბევრად უკეთ იცის. რუსეთში დაიბადა, გაიზარდა და იქვე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყანაზე სითბოთი საუბრობს. ამის მიუხედავად, ინგლისურ ცხოვრების წესს ძალიან კარგად შეეჩვია და ამბობს, რუსეთისკენ გახედვა არ მინდაო. შეიძლება ითქვას, გივი თოდუასთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წლებია, როდესაც გადაწყდება ფეხბურთს რა დონეზე ითამაშებს მომავალში და საერთოდ გაგრძელდება თუ არა მისი მოღვაწეობა ამ სფეროში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკუთარ თავზე თავად გივი მოგიყვებათ...

ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში მოსკოვში, საფეხბურთო სკოლა „მოსკვიჩში“ დავიწყე, სადაც 12 წლამდე ვითამაშე. შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შემექმნა, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ყველაფერი რიგზეა. მოგვიანებით  დედას სამსახურიდან გამომდინარე ოჯახით საცხოვრებლად ბრიტანეთში გადასვლა მოგვიწია და, შესაბამისად, მეც ინგლისის სხვადასხვა საბავშვო აკადემიებში ვცდილობდი ჩარიცხვას.

გივი თოდუა
ფოტო: გივი თოდუა
ზოგან მოვეწონე, ზოგან – არა, ამ დროს კი სანდერლენდის საფეხბურთო სკოლამ საზაფხულო კურსებზე მიმიწვია. იქ ისეთი სიტუაციაა, რომ თავად სანდერლენდის გარდა, ძალიან ბევრი სხვა სკოლის მწვრთნელები და დამკვირვებლები დადიან ხოლმე, ამიტომ თავის გამოჩენის კარგი საშუალებაა. სანდერლენდში არ ამიყვანეს, მაგრამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა გუნდმა მოისურვა ჩემი დატოვება, სადაც რამდენიმე სეზონი ვითამაშე. ამის მერე სანდერლენდიდან ისევ დამიკავშირდნენ და სინჯებზე მისვლა შემომთავაზეს. იქაურ აკადემიაში საბოლოოდ ერთი წელი ვითამაშე, შემდეგ სკოლა დავამთავრე და უკვე სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. ორი სეზონი ახალგაზრდულ გუნდში ვითამაშე, შემდეგ კი არენდით მიდლსბროში გადავედი. მოგვიანებით გაჩნდა ნიუკასლ იუნაიტედის ინტერესი და ასე აღმოვჩნდი აქ.

საინტერესოა, როგორია თქვენი კონტრაქტი ნიუკასლთან? თამაში მხოლოდ დუბლშემადგენლობაში მოგიწევთ?

კონტრაქტი კონკრეტულად დუბლებთან გავაფორმე, მაგრამ როგორც იცით, იმ ფეხბურთელებს, ვინც დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობენ, თავის გამოჩენის შემთხვევაში ძირითადში მოხვედრაც შეუძლიათ. კონტრაქტის მხრივ პრობლემა არ არის, ჩემი მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ დავამტკიცო რა შემიძლია. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, თუ კარგად ვითამაშებ ყველანაირი შესაძლებლობა მექნება, თუნდაც პრემიერლიგაში ვითამაშო.

იცით, მიდლსბროში ბოლოს ჩემი დატოვება სურდათ. მეუბნებოდნენ, რომ მოსწონთ ჩემი თამაში და იქაც დუბლშემადგენლობაში თამაშს მთავაზობდნენ. იქ ყოფნა მომწონდა, მაგრამ ბოლოს დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ ნიუკასლი ამერჩია. არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ვიფიქრე, რომ ნიუკასლზე უარი არ უნდა მეთქვა.

უკვე თუ მოასწარით ნიუკასლ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ, ალან პარდიუსთან შეხვედრა და საერთოდ, რას გეუბნებიან კლუბში, რამდენად აქვთ თქვენი იმედი?

სიმართლე გითხრათ, მთავარ მწვრთნელთან დიდად არ მიკონტაქტია, მას მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი. უმეტესად ურთიერთობა აკადემიის დირექტორთან მაქვს, რომელსაც ძირითადი და დუბლშემადგენლობის ზედამხედველობა ევალება. მასთან ერთად რამდენიმე საკითხზე ვისაუბრე, ჩემი მომავალიც განვიხილეთ. ნიუკასლში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და დირექტორმა მითხრა ის, რაც ისედაც ვიცოდი – ადგილის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მომიწევს.

ინგლისური მიდგომა ძალიან მომწონს. აქ საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ, ისინი არ გელაპარაკებიან ბევრს – ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მათ შედეგი სჭირდებათ და შენ მათ მოთხოვნებს უნდა აყვე. ინფრასტრუქტურა, ბაზა, პირობები საუკეთესოა, რაც ფეხბურთელმა შეიძლება ინატროს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ახლა ერთი რამ დამრჩენია – ჩავიცვა ფორმა, ბუცები და ვაჩვენო რა შემიძლია.

ძლიერი შემადგენლობა ახსენეთ. აქედან გამომდინარე, დიდი კონკურენციის დაძლევა მოგიწევთ...

გეთანხმებით. აქ კონკურენტები მყავს არა მხოლოდ დუბლებში, არამედ, იცით ალბათ, რომ ინგლისში ასეთი პრაქტიკაა – ვინც ძირითად გუნდში თამაშს მოუკლებს, დუბლებში გადაჰყავთ, ამიტომ სავარაუდოდ ასეთ მოთამაშეებთანაც მომიწევს ადგილისთვის ბრძოლა.

მიუხედავად ყველაფრისა, მე ჩემი გეგმა მაქვს, რომ პირველ ეტაპზე დუბლებში დავიმკვიდრო თავი, შემდეგ კი სხვა ამოცანებს დავისახავ. სპორტსმენი, ვისაც ამბიცია არ აქვს, ცუდი სპორტსმენია. წელს ასეთი გეგმა მაქვს და თუ მივაღწევ, მეორე სეზონში უკვე ნიუკასლის ძირითად შემადგენლობასთან მიახლოებაზეც შეიძლება საუბარი.

საქართველოში გივი თოდუას არ იცნობენ, არ იციან მისი სათამაშო სტილი. ალბათ რთულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ იქნებ დაგვიხასიათოთ, როგორი ფეხბურთელია გივი თოდუა?

უხერხული კითხვაა, მაგრამ შევეცდები გიპასუხოთ. პრესაში დაიწერა, თითქოს მცველი ვარ, რაც არ არის სიმართლე, მე ჩემს თავს შემტევად ვხედავ. მოსკოვში როდესაც ვთამაშობდი, თავდამსხმელი ვიყავი, მაგრამ ინგლისში გადმოსვლისას დაცვაში დამაყენეს, მარჯვნივაც ვთამაშობდი და მარცხნივაც.

თუ რუსეთიდან წინადადება მომივა, დავთანხმდები, თუ ქართველები დამიკავშირდებიან, ახლა ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვიქცევი. ამის მიუხედავად, არ მინდა ხალხი დადიოდეს და ამბობდეს – გივიმ რუსეთი აირჩიაო. გივი თოდუა

უკვე, როდესაც სანდერლენდში მეორე სეზონს ვატარებდი, მწვრთნელმა ნახევარმცველად მომსინჯა და მას მერე ასე ვარ. მიდლსბროში, საერთოდ, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მათამაშებდნენ, მაგრამ თავად, ვთვლი, რომ შემტევი ნახევარმცველი ვარ. ასე ვთქვათ, შემოქმედი ვარ, მიყვარს შეტევების წამოწყება, დაგვირგვინება და ამ ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. საერთოდ სწრაფად თამაში მიყვარს. რაც შეეხება მხარეს, მინდა გითხრათ, რომ მარჯვნივ, მარცხნივ და ცენტრში თამაში ერთნაირად შემიძლია, თუმცა მემარჯვენე ვარ და ამიტომ უფრო მარჯვნივ ან ცენტრში თამაშს ვამჯობინებ.

საერთოდ, არის შემთხვევები, როდესაც გუნდს თამაში არ მისდის, ან მწვრთნელი გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე წყვეტს, ტაქტიკა უფრო დაცვითი გახადოს. ასეთ დროს, ვცდილობ, გუნდს იქ გამოვადგე, სადაც სჭირდება და შემიძლია დაცვითი ფუნქციები შევასრულო.

თუ არის ისეთი ფეხბურთელი, ვისაც გადარებენ?

რაც შეეხება შედარებას, ჩემი აგენტი ხშირად მეუბნება, რომ თამაშის სტილით ჯანო ანანიძეს ვგავარ. იცით, რუსეთის ჩემპიონატის თამაშებს იშვიათად ვუყურებ, ძირითადად მაშინ, როდესაც ანჟი თამაშობს. ბევრს ვვარჯიშობ, დრო არ მრჩება და როდესაც მაქვს, აქ ასეთი წესია – მაგალითად, სანდერლენდის ძირითადი გუნდი თუ თამაშობდა, მეც უნდა ვყოფილიყავი სტადიონზე.

აგენტი მეუბნება, რომ ჯანოს ფიზიკურადაც ვგავარ, ისიც არ არის მაღალი, ტექნიკურია. სიმართლე გითხრათ, დიდად მის თამაშს არ ვიცნობ, ერთი-ორჯერ მყავს მხოლოდ ნანახი. როგორც ვიცი, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ და ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შემადარეს.

ახსენეთ, რომ შემტევი ფეხბურთის მოყვარული ხართ და ასეთივე პოზიციაზეც თამაშობთ. ვინ არის გივი თოდუას საყვარელი ფეხბურთელი, ვინ იქონია თქვენზე გავლენა?

მათსავით ვერ ვთამაშობ, მაგრამ ორი ფეხბურთელი, ვინც ყოველთვის მიყვარდა,  არიან რობერტო კარლოსი და ზინედინ ზიდანი. საერთოდ, მახაჩყალის ანჟის ვგულშემატკივრობ, სადაც გარკვეული პერიოდი კარლოსმაც ითამაშა და ამანაც იქონია გავლენა, რომ ის ჩემს კუმირად შეგიძლიათ ჩათვალოთ.

კარლოსმა თავისი სისწრაფით და სითავხედით მომხიბლა. მას მცველად მოიაზრებენ, მაგრამ პირადად არასოდეს შემიხედავს ასე. ჩემთვის, რობერტო უინგერია. გახსოვთ მისი ფლანგური გარღვევები, როგორ ერთვებოდა შეტევებში – საოცარი მოთამაშე იყო.

რაც შეეხება ზიდანს, ის ლეგენდაა. დღევანდელ დღეს, ასეთ შემტევს მსოფლიო ფეხბურთში ვერ ვხედავ. ის ყველაფერს იდეალურად აკეთებდა და მოედნის საოცარი ხედვა ჰქონდა.

ახლა მთავარზე გადავიდეთ: თქვენ ქართული სახელი და გვარი გაქვთ. ამის გარდა, რა გაკავშირებთ საქართველოსთან?

პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ჩემი მშობლებია, რომლებიც სოხუმში დაიბადნენ. თქვენ ალბათ ჩემი ინტერვიუ წაიკითხეთ, რომელიც რუსულ გამოცემას მივეცი, სადაც ვამბობ, რომ საკუთარ სახლად რუსეთსა და საქართველოს მივიჩნევ. ამის მიუხედავად,  გულახდილად მსურს ვისაუბრო და მოდი, ასეთ კითხვას დავსვამ: რა არის სამშობლო? ეს არის ქვეყანა, სადაც დაიბადე, რომელმაც რაღაც მოგცა და ამას გარდა, სადაც კარგად ხარ. არ ვამბობ, რომ საქართველოში არ ვარ კარგად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ არასოდეს ვყოფილვარ. რუსეთში როდესაც ჩავდივარ, თავს მართლა კარგად ვგრძნობ, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არასოდეს უარვყოფ ქართულ წარმოშობას და ფესვებს.

ქართველებისგან სოციალურ ქსელში რამდენიმე უარყოფითი წერილი მივიღე, რაც ძალიან საწყენია. იცით, როგორც წიგნზე ყდიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელო, ასევეა ჩემს სიტუაციაშიც. ამასთან, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა, რომ ქართულ მხარესთან არასოდეს მქონია შეხება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დამკავშირებია და საერთოდ, თქვენ პირველი ხართ, ვინც ამ ქვეყნიდან შემომეხმიანა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საქართველო არასოდეს გადავუსვამ ხაზს, ეს ჩემგან გამორიცხულია, და ასევე ვიმეორებ – არც ქართული, არც რუსული საფეხბურთო კავშირისგან წინადადება არ მქონია. ჩემს სიტუაციაზე გულახდილად ვსაუბრობ და იმედი მაქვს, მკითხველი ადეკვატურად შეაფასებს ჩემს მდგომარეობას.

ამბობთ, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან არავინ შეგხმიანებიათ. თუ უახლოეს მომავალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოიჩენს თქვენდამი ინტერესს, მოგიწვევთ ახალგაზრდულ ან თუნდაც ეროვნულ ნაკრებში, როგორი იქნება თქვენი პასუხი?

ურთულესი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც ახლა ჩემთვის ძალიან ძნელია. ხსენებულ ინტერვიუში რუსულ გამოცემასთან, უკვე ვთქვი, რომ რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს და ახლა ამის შეცვლა არ იქნებოდა სწორი. თუ რუსეთიდან წინადადება მომივა, დავთანხმდები, თუ ქართველები დამიკავშირდებიან, ახლა ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვიქცევი. ამის მიუხედავად, არ მინდა ხალხი დადიოდეს და ამბობდეს – გივიმ რუსეთი აირჩიაო, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ არანაირი წინადადება არ მქონია.

ეს ძალიან რთული საკითხია, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ არ მაქვს პასუხი. უნდა ყველაფერი ავწონ-დავწონო, მოვიფიქრო.

გივი თოდუა
ფოტო: გივი თოდუა

საინტერესოა, რა იცით ქართული ფეხბურთის შესახებ?

პირველი, რაც ქართულ ფეხბურთზე მახსენდება, ეს თბილისის, შემდეგ კი სოხუმის დინამოა. ვიცი, რომ აქ თამაში ანდრეი ოვჩინნიკოვმა დაიწყო, უფრო მეტიც – სოხუმში ახრიკ ცვეიბაც თამაშობდა, რომელიც შემდეგ თბილისის დინამოს ღირსებასაც იცავდა. აღარაფერს ვამბობ ვიტალი დარასელიასა და დავით ყიფიანზე, რომლებიც ვიცი, რომ შესანიშნავი, გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ და სხვებთან ერთად  თასების მფლობელთა თასიც მოიგეს.

შედარებით ახალი თაობის ფეხბურთელებიც ვიცი: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე – ამ ხალხმა ევროპაში საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. მოკლედ, რომ ვამბობ, ფესვებს არ ვივიწყებ-მეთქი, მართლაც ეგრეა. ხომ ხედავთ, ქართულ ფეხბურთზე ცოტა არ ვიცი.

ქართველ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ და უცნაურია, თემურ ქეცბაია რომ არ გიხსენებიათ, ის ხომ სწორედ ნიუკასლ იუნაიტედში თამაშობდა.

სულ ამომივარდა თავიდან, რა თქმა უნდა, თემურ ქეცბაიას შესახებ მაქვს ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ უამრავი ადამიანი, ვისთანაც მიწევს ან მიწევდა მუშაობა, მას იცნობდა და მასზე ბევრი სახალისო ამბავი მსმენია. უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ თემურს მხოლოდ საუკეთესო მხრიდან ახასიათებენ და დღესაც კი, ნიუკასლში დიდი სიყვარულით იხსენებენ.

იცით, როდესაც ხალხი ქეცბაიას შესახებ საუბრობს, მე მიკავშირებენ, რაც ჩემთვის უსაზღვროდ სასიამოვნო და ძალიან დიდი პატივია.

ბოლოსკენ ერთიც მინდა ვთქვა. ბევრი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი დაბალ დონეზეა და ვერ აქვს კარგად საქმე, მე კი მგონია, რომ ამ ქვეყანაში დიდი პოტენციალია. ეს ფეხბურთელები, ვინც ჩამოვთვალე, უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ და ვერ დავიჯერებ, რომ ახლა შეუძლებელია ძლიერი ნაკრებისა თუ კლუბების ჩამოყალიბება. რა ინფორმაციასაც ვიღებ, იქედან გამომდინარე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, მათი ტალანტი არ დაიკარგება უპირველესად ქვეყნისთვის. აუცილებელია პატარა ბიჭების გამოყენება, მათ მეტი შანსი უნდა ეძლეოდეთ და მჯერა, საბოლოოდ ეს ეროვნულ გუნდზეც აისახება.

კომენტარები