რუსეთის ეკონომიკა

რუბლი გაუფასურებას განაგრძობს - 1 აშშ დოლარი 40 რუბლზე მეტი ღირს

rferl.org

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს და ორშაბათს, 6 ოქტომბერს ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ერთი ამერიკული დოლარი 40.05 რუსული რუბლი ღირს. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული რუბლის გამყარებისათვის რუსეთის ცენტრალური ბანკი ჩარევას აპირებს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ეროვნულმა ბანკმა რუბლის გასამყარებლად სექტემბრის ბოლო კვირაში, ყველაზე მცირე, $700 მილიონი უკვე დახარჯა. 

რუსეთის ეკონომიკა და, კერძოდ, ვალუტა წნეხის ქვეშ განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ნავთობის ფასი ბარელზე $100-იან ნიშნულს ჩამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სავალუტო და ოქროს რეზერვები ამჟამად (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე) $457 მილიარდია, ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. რუსეთს ბიუჯეტი გათვლილი აქვს ნავთობის ფასზე $96-97 ბარელზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ნავთობის ფასი ხანგრძლივად დარჩა არსებულ ნიშნულზე, რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდება, სახელმწიფოს კი საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. 

როგორც წესი, გაუფასურებული ვალუტა ქვეყნის საექსპორტო პოტენცილს ზრდის. თუმცა რუსეთის შემთხვევაში, როდესაც მათი მთავარი საექსპორტო საქონელი გაზი და ნავთობია, რომლის შეძენაც დოლარში ხდება, ამას დადებითი გავლენა არ აქვს. რუსეთს უძვირდება იმპორტი, რაც თავისთავად სამომხმარებლო ფასებზე აისახება. 

ეკონომიკის შესუსტებამ ასევე გამოიწვია 2014 წლის განმავლობაში რუსეთიდან $90 მილიარდის ოდენობით უცხოური კაპიტალის გადინება. დავარდა მოთხოვნა რუბლზე და გაიზარდა ამერიკულ დოლარზე, რამაც ასევე იქონია გავლენა ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო შესუსტებაზე.

კომენტარები