სახელფასო დანამატი

მერიაში ყოველთვიურ სახელფასო დანამატს დაახლოებით 70 ადამიანი იღებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანებით, ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მერიისა და მისი სამსახურების ჯამში 70-მდე თანამდებობის პირი იღებს.

თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ყოველთვიურად ხელფასის დანამატად 3 540 ლარს იღებს, ნარმანიას სხვა ოთხი მოადგილე კი, 3360 ლარს.

სახელფასო დანამატებს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, მერისა და მისი მოადგილეების აპარატის უფროსები, 11 საქალაქო სამსახურის უფროსი, მათი მოადგილეები, ათი რაიონის გამგებელი და მათი მოადგილეები იღებენ. თბილისის მერის ბრძანებით, სახელფასო დანამატი ხელფასების პროპორციულია და ჯამში 26 თანამდებობაზე ვრცელდება.

თბილისის მერიაში ახალმა გუნდმა მუშაობა 2014 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის სპეციალური წესი შეიმუშავა. ცვლილებები არ შეხებია სახელფასო დანამატებს.

კომენტარები