სახელფასო დანამატი

მერია: დანამატი გაიცემა მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მქონე მოხელეზე

თბილისის მერიის განცხადებით, "სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ". განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად კი, მერია აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე მუშაობს. 

"თბილისის მერიის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის შესახებ. აღნიშნული ბრძანება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ:

საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი იმოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე. ამჟამად მერია მუშაობს აღნიშნული საკითხის დარეგულირების მოდელზე, რაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აქვე, განვმარტავთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა ანაზღაურება (სახელფასო ფონდი თუ დანამატი) არ შეცვლილა. ამასთან, სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც, ერთი მხრივ, გააჩნიათ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ მენეჯერთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს" - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ უწყებამ უარი თქვა "პრემიების გაცემის მანკიერ სისტემაზე და მას მოხელე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას მიიღებს".

"ყველა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, დაგვეთანხმებიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა (მათ შორის, თანამდებობის პირთა) ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე - ორმაგია. თბილისის მერიის სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ეფუძნება თბილისის მერის გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის ამ ფორმით გაცემის შესახებ. აქვე, ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკითხის დარეგულირების მიზნით, წარმოადგინონ ოპტიმალური წინადადებები. თბილისის მერია მზადაა, მიიღოს ყველა კვალიფიციური და არგუმენტირებული წინადადება", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანებით, ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მერიისა და მისი სამსახურების ჯამში 70-მდე თანამდებობის პირი იღებს. თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ყოველთვიურად ხელფასის დანამატად 3 540 ლარს იღებს, ნარმანიას სხვა ოთხი მოადგილე კი, 3360 ლარს.

სახელფასო დანამატებს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, მერისა და მისი მოადგილეების აპარატის უფროსები, 11 საქალაქო სამსახურის უფროსი, მათი მოადგილეები, ათი რაიონის გამგებელი და მათი მოადგილეები იღებენ. თბილისის მერის ბრძანებით, სახელფასო დანამატი ხელფასების პროპორციულია და ჯამში 26 თანამდებობაზე ვრცელდება.

თბილისის მერიაში ახალმა გუნდმა მუშაობა 2014 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის სპეციალური წესი შეიმუშავა. ცვლილებები არ შეხებია სახელფასო დანამატებს.

კომენტარები